"საქსტატის" ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6 პროცენტი).