ველოდებით ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას, - ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც იზრდება ხარისხი - ლოგიკურია, რომ ამას თან ახლავს ტარიფების ზრდა.
"ენგური, როდესაც გარემონტდა ტარიფი გაიზარდა და ენგური დღეს უკეთესად მუშაობს, ვიდრე ადრე მუშაობდა. ასევე, "ენერგო პრო ჯორჯიას" და "თელასს" დაევალა დაახლოებით, 2 მლრდ ლარის ინვესტიციის გაკეთება, რადგან ვიცით, რომ ყოველ ქარზე განსაკუთრებით სოფლებში ელექტროენერგია ითიშება და ძალიან მოძველებულია ქსელები. შესაბამისად, როდესაც თანხა იხარჯება გაუმჯობესებაში და ხარისხი იზრდება - ლოგიკურია, რომ ტარიფიც გაიზრდება. გარდა ამისა, იმპორტი არის ჩვენი დეფიციტის შემავსებელი და აქაც, ეს იმპორტი გაძვირებულია", - აცხადებს გიორგი მარგებაძე.
ცნობისთვის, სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა - აღნიშნული 3 თვე კი, მარტის ბოლოს იწურება.
როგორც 2025 წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.