“R&D ეკოსისტემის გაძლიერება საქართველოში“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში კვლევისა და განვითარების საქმიანობის გაძლიერებისთვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ბიზნეს საზოგადოების მეტი ინფორმირება წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სტატუსების - ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის (ინოვაციური SME) და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის (R&D კომპანია) შესახებ.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ღონისძიებაზე აღნიშნა, კვლევისა და განვითარების (R&D) ეკოსისტემის გაძლიერება საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტი არ არის — ეს არის ქვეყნის სტრატეგიული გზა ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისკენ.
“ახალი საგადასახადო და საგრანტო მექანიზმებით ჩვენ ვქმნით რეალურ სტიმულს კერძო სექტორისთვის, რათა მეტი ინვესტიცია განახორციელონ ინოვაციაში, შექმნან მაღალი ღირებულების პროდუქტები და გააძლიერონ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაზრდის R&D აქტივობას და დააჩქარებს საქართველოს გარდაქმნას რეგიონულ ინოვაციის ჰაბად,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ხელშემწყობი მექანიზმების ანალიზი აჩვენებს, რომ R&D-ში განხორციელებულ თითოეულ ერთეულ ინვესტიციაზე კომპანიები შეძლებენ დაახლოებით 0.45 ერთეულით შეიმცირონ მოგების გადასახადის მოცულობა, რაც კიდევ უფრო ზრდის ინვესტიციების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
ასევე მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელია კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიების მიმართულებით. პროგნოზის მიხედვით, მათი ბრუნვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 7-ჯერ გაიზრდება რაც განპირობებული იქნება ბაზარზე R&D სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნით.
სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კვლევისა და განვითარების საერთო დანახარჯების ზრდას. შედეგად, მოსალოდნელია, რომ R&D დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 1.5%-მდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო სიახლეს, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე ფირმას, დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა კვლევისა და განვითარების მომსახურების ხარჯების სამმაგი ოდენობით შეუმცირდება.
დივიდენდის გაუნაწილებლობის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია გრანტის მიღება კვლევისა და განვითარების მომსახურების ხარჯების 20%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 100 000 ლარამდე. სტატუსის მოქმედების ვადა ერთი წელია, თუმცა სარგებლობის საერთო ვადა შეზღუდული არ არის და სტატუსის მოპოვება მრავალჯერ არის შესაძლებელი.
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს კვლევისა და განვითარების (R&D) მომსახურების გაწევას. სტატუსის მოქმედების ვადა ერთი წელია და სტატუსის ფარგლებში, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5% -ს გაუტოლდება.
საინფორმაციო შეხვედრაზე მისულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული მიმართულების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, კერძო სექტორის გაძლიერებას და კვლევისა და განვითარების მომსახურების საქმიანობის მხარდაჭერას.