ზამთრის პერიოდში მომხმარებლები მიუთითებდნენ, რომ დაერიცხათ ბუნებრივი აირის გადასახადები, რომელიც 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე წინა წლის მაჩვენებლები. აღნიშნულზე დაახლოებით, 600-მდე განცხადება შემოვიდა, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, ყველა განცხადება და საჩივარი ინდივიდუალურად განიხილეს. ნაწილში დადასტურდა, რომ გაზრდილი გადასახადები მოხმარებას შეესაბამებოდა, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევებიც, როცა ჩვენებები არასწორად იყო აღებული.
"ზამთარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ჩვენი სამსახურისთვის, რადგან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წლის მიწოდებაზე უამინდობა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ხოლმე. ცივი ზამთარი გვქონდა და დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის კუთხით იყო გათიშვები, რომელიც დიდთოვლობას უკავშირდებოდა და კომპანიებმა სწრაფად შეძლეს პრობლემების მოგვარება. ამას მოჰყვა ბუნებრივი აირის თემა, რომელიც გადასახადებს უკავშირდებოდა, ანუ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ დავებს. მომხმარებლებისგან გაჟღერდა, რომ ხომ არ გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფი, რაზედაც იქვე გავაკეთეთ განმარტება, რომ სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა. შემდეგ წამოვიდა კითხვა, რომ მაშინ რასთან გვაქვს საქმე?! ზოგადად, გადასახადის რაოდენობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ამინდი და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ამის მიუხედავად, თუ მომხმარებელი მაინც მიუთითებს, რომ გადასახადი არის გაორმაგებული - ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური კვლევის თემაა. იყო შემთხვევები, როდესაც აღრიცხვიანობის მოშლასთანაც და არასწორად აღებულ ჩვენებებთან გვქონდა საქმე. ეს მოხდა უამინდობის გამო და არა მხოლოდ ბუნებრივი აირის შემთხვევაში - ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიებმაც მოგვწერეს, რომ უამინდობის გამო ჩვენების ასაღებად ვერ მივიდნენ და ამიტომ 2 თვის გადასახადი ერთად დაურიცხეს მომხმარებლებს. შემდეგ ეს ჩაასწორეს ისე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვაც არ დაგვჭირდა", - აცხადებს ნინო გულეიშვილი.