logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიაზე დღეისთვის არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება" - სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა

"ელექტროენერგიაზე დღეისთვის არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება" - სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა

1766996040

სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე დღეისთვის არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. 

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის სამი თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს.

აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, რომ დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული, დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში. ხოლო, რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ გარკვეული, მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ, ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული“,- აღნიშნა ნარმანიამ.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, დღეს არ არსებობს ის ფაქტორები, რომლითაც ტარიფების ზრდა იყო შესაძლებელი.

„ვთქვი, რომ შესაძლოა გაიზარდოს და დავასახელე სხვადასხვა ფაქტორები, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ტარიფების ზრდა. დღეს ეს ფაქტორები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, ეს გვქონდა, რადგან მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში. მათ შორის ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზირება, ჰიდროსადგურების დარეგულირებასთან დაკავშირებული თემები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივი პროცესია“,- განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.

გამოგვყევით