პირველი ქართული ველოსიპედის სერიული წარმოება, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება და ის სარეალიზაციო ქსელში 2027 წლის მარტში გამოჩნდება.
GEORGIAN BICYCLE GROUP პროექტზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს და მიუხედავად წარმოების დაწყების არა ერთხელ გადადებისა, სხვადასხვა მიზეზის გამო, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მომავალი წლიდან, როგორც ადგილობრივი მომხმარებლები, ისე უცხოელები ქართული ველოსიპედით სარგებლობას უკვე დანამდვილებით შეძლებენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას GEORGIAN BICYCLE GROUP-ის დამფუძნებელი ბექა კიკნაველიძე ამბობს, ამ ეტაპზე, ბრენდირების პროცესზე მუშაობენ, ლოგო უკვე მზად არის და ის სრულად ქართული თემატიკის იქნება.
„გარდა ამისა, პირველი ქართული ველოსიპედის პროტოტიპიც უკვე საფუძვლიანად გაიტესტა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ის ინოვაციურ პროდუქტად აღიარეს. როგორც იცით, ველოსიპედის წარმოებაში მთავარი არის ჩარჩო. ჩვენი პროდუქტი იმით იქნება ინოვაციური, რომ ქართული წარმოების ველოსიპედის ჩარჩოზე, მსოფლიო ველობიზნესში დღეს არსებული სამივე ზომის ბორბალი წავა. შესაბამისად, ეს ველოსიპედი ინოვაციურთან ერთად, ბიუჯეტურიც იქნება, რადგან მისით გადაადგილებას მომხმარებელი ყველგან შეძლებს“, - აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქართული დიზაინის, მრავალფუნქციური ველოსიპედი ტაივანში აეწყობა. აღნიშნული პროექტით წამყვანი ტაივანური ქარხანა დაინტერესდა.
შეგახსენებთ, Georgian Bicycle Group 2011 წელს დაარსდა და ის იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს სპეციალიზებული ველომაღაზია შესთავაზა - პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით.