მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ახლა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის ვმუშაობთ. ზაფხულისთვის ვგეგმავთ, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ან დაგეგმილი ღონისძიებები აქტიურად იყოს ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი, - ამის შესახებ TicTic-ის დამფუძნებელმა დავით შონიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ქვეყანა, სადაც სტარტაპი მუშაობას დაიწყებს, სავარაუდოდ, სომხეთი იქნება.
"TicTic-ი აქტიურად ვითარდება. მოსახლეობამ საკმაოდ კარგად აითვისა ჩვენი პლატფორმა. დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ტრანზაქცია გვქონდა და თუ თავდაპირველად ბაზარი სკეპტიკურად უყურებდა ამ მეორადი ბილეთების საკითხს - ახლა, თითქოს შეიცვალა დამოკიდებულება და მოსახლეობაში სანდოობა გაჩნდა და შესაბამისად, ჩვენი ცნობადობაც გაიზარდა.
ჩვენ თავიდან დიდ ღონისძიებებზე ვფოკუსირდებოდით, თუმცა მომხმარებლის მხრიდან შემოვიდა მოთხოვნა, რომ პატარა ღონისძიებებიც, რაც ხშირად იმართება ასეთ ღონისძიებებზეც გვქონოდა ფოკუსი და შესაბამისად, ასეთი ღონისძიებების განთავსებაც დაიწყოს. ამასთან, მაგალითად შარშან საერთაშორისო ღონისძიებებიც განთავსდა ჩვენს საიტზე", - აცხადებს დავით შონია.
ამასთან, სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამჟამად პლატფორმის ტექნიკურად დახვეწა მიმდინარეობს და ახალ სისტემაზე მოხდება გადართვა, რაც დატვირთულობასაც უკეთ გაუძლებს.
ცნობისთვის, სტარტაპი TicTic საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.