logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, ავტოდილერებს მანქანების ჩამოყვანა გაურთულდათ - "გემების და კონტეინერების დეფიციტია"

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ესკალაციამ, სხვა სექტორების მსგავსად, გამოწვევების წინაშე დააყენა ავტოინდუსტრიაც. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ავტოიმპორტიორ კომპანიებს გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ მანქანების ტრანსპორტირების პროცესში.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  CarMark -ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, განსაკუთრებით გართულდა ავტომობილების ჩამოყვანა ჩინეთიდან და იაპონიიდან.

„აზიიდან მანქანების იმპორტი სწორედ ამ სრუტის გავლით ხდებოდა, ახლა კი გემებს უწევთ წრის დარტყმა და აფრიკის კონტინენტის შემოვლა. ეს კი ზრდის როგორც ტრანსპორტირების ვადებს, ისე ხარჯებს. პრობლემები შეიქმნა მანქანების ჩამოყვანაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, კერძოდ მხოლოდ ერთი შტატიდან, ესაა კალიფორნიის შტატი, საიდანაც საქართველოში მანქანები ასევე ჰორმუზის სრუტის გავლით ჩამოდიოდა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სერიოზული დეფიციტია როგორც თვითონ კონტეინერების, ისე გემების“, - აღნიშნა CarMark -ის დირექტორმა.

ირაკლი კუხიანიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ გლობალურ მარკეტებზე მანქანების ახლანდელ გასაყიდ ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკულ აუქციონებზე ავტომობილების 30%-ს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობდნენ, ომის გამო კი, ეს სეგმენტი აუქციონებში მონაწილეობას აღარ იღებს, რის გამოც, გაყიდვები შემცირდა.

CarMark -ის დირექტორის ინფორმაციითვე, რეალიზაციის მაჩვენებლების კლებამ ფასებზე ზეწოლა ბუნებრივად იქონია და ამჟამად, ამერიკულ აუქციონებზე მანქანების ღირებულება შედარებით შემცირებულია.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს.

გამოგვყევით