გერმანიის ეკონომიკაში ინვესტორთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, რომელიც ევროპული ეკონომიკური კვლევების ცენტრის (ZEW) ახალ მონაცემებს ეყრდნობა.
გამოცემის ცნობით, მარტში ZEW-ის ეკონომიკური მოლოდინების ინდექსი თითქმის ნულამდე დაეცა და მინუს 0.5 შეადგინა, რაც წინა თვეების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
ექსპერტების შეფასებით, მთავარი მიზეზი გლობალური არასტაბილურობაა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელმაც ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. ენერგიის გაძვირება განსაკუთრებით მძიმედ აისახება გერმანიის ინდუსტრიაზე, რომელიც მაღალი ენერგოდამოკიდებულებით გამოირჩევა.
ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ ეკონომიკური ზრდის შენელების რისკზე. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, Deutsche Bank-ი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს და აფრთხილებს, რომ უახლოეს თვეებში ბიზნეს აქტივობა შესაძლოა კიდევ უფრო დასუსტდეს. ეკონომისტების თქმით, თუ ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, ეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთლიანად ევროპულ ეკონომიკას დააზარალებს.
თამარ გაზდელიანი