თბილისში საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა. კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე იური შულეიკო.
სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, არსებულ დინამიკასა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა - უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის გაძლიერების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა მექანიზმი შეიმუშავა და დღეს ქვეყანაში მეწარმეების ხელშეწყობის სრული ციკლისთვის შესაბამისი ეკოსისტემაა შექმნილი.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველომ, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა შთამბეჭდავად გაიზარდა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2026-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის.
კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომისიის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ბელარუსის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის გაზრდის მიზნით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სექტორებში, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციასა და ტურიზმის სექტორებში - 2025 წელს მგზავრთნაკადი წინა წელთან შედარებით 4.5 პროცენტით, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს ვიზიტორი ქვეყნების ათეულში, ბელარუსი მე-7 ადგილზეა.
საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.