logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Woof-Woof Cakes: ყოველწლიურად, შინაური ცხოველებისთვის დღესასწაულის მოწყობის მსურველთა რაოდენობა 3-ჯერ იზრდება

საქართველოში, შინაური ცხოველებისთვის დღესასწაულის მოწყობა სულ უფრო მოთხოვნადი სერვისი ხდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია Woof-Woof Cakes -ის დამფუძნებელმა მარიამ გუგუშვილმა განუცხადა.

„ჩვენი კომპანია ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების პატრონებს აბსოლუტურად ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ ტორტებს, მაფინებსა და ნაყინებს სთავაზობს, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ჯანმრთელობის მქონე ცუგებისა და ფისოებისთვის. თუ დინამიკაში შევხედავთ მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდას, შემიძლია ვთქვა, რომ წლიდან წლამდე, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა, დაახლოებით, 3-ჯერ იზრდება“, - აღნიშნა მარიამ გუგუშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია იმ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებისთვის ტორტებსა და სხვადასხვა სახის სადღესასწაულო პროდუქციას ქმნიან.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც მომხმარებელს მსგავსი სერვისი შესთავაზა, დღეს კი უკვე საკმაოდ ბევრი კომპანია ოპერირებს ბაზარზე და კონკურენციაც საკმაოდ ჯანსაღია. სხვათა შორის, თუ აქამდე ჩვენს პროდუქციას მხოლოდ დედაქალაქში ყიდულობდნენ, ახლა მოთხოვნა არსებობს რეგიონებიდანაც, მაგალითად, ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა - გორი, რუსთავი, თელავი, ბათუმი, ოზურგეთი და ჩვენ, ამ ქალაქებშიც გაგვიხარებია ოთხთათა მეგობრები“, - განმარტა Woof-Woof Cakes -ის დამფუძნებელმა მარიამ გუგუშვილმა.

„ბიზნესპარტნიორთან“ Woof-Woof Cakes -ის მეორე დამფუძნებელმა, ინგა ჩომახიძემ კი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შიგთავსის შესახებ ისაუბრა.

„როგორც ცუგებისთვის, ასევე ფისოებისთვის გვაქვს სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომლებიც შედგება განსხვავებული ინგრედიენტებისგან. გვაქვს საქონლის ხორცის, ქათმის ფილეს, ორაგულის ნაწარმი. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ჯანსაღი ნედლეულისგან, არ შეიცავს: გლუტენს, კონსერვანტებს, დამატკბობლებს და სხვა არაჯანსაღ ინგრედიენტებს. ამიტომ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, - აღნიშნა ინგა ჩომახიძემ.

ცნობისთვის, შინაური ცხოველებისთვის ტორტებისა და ნამცხვრების წარმოება მაღალშემოსავლიანი სექტორია სხვა ქვეყნებშიც. ე.წ Pet Bakery-ის გლობალური შემოსავლები, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 2026 წელს 1.2 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 2033 წელს კი - 2.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გამოგვყევით