logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ქართველმა ერმა დაკარგა უდიდესი პიროვნება და უდიდესი პატრიარქი" - დავით ნარმანია

"ქართველმა ერმა დაკარგა უდიდესი პიროვნება და უდიდესი პატრიარქი" - დავით ნარმანია

1773824490

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"ყველას ჩვენი ისტორია გვაკავშირებს პატრიარქთან, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში დიდი და წარუშლელი კვალი დატოვა. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პატრიარქს უკავშირდება და ეს კავშირი სამუდამოა. მახსოვს პირველი შეხვედრა უწმინდესთან და ის სიმშვიდე, რაც მასთან ურთიერთობას თან ახლდა. მისი ლოცვა-კურთხევით და შეწევნით არაერთი პროექტი გამიკეთებია, მისგან მიღებული დარიგებებით, არაერთხელ გადამილახავს ცხოვრების რთული ეტაპი.

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ სულიერი მამის გარდაცვალებას. მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულს. ქართველმა ერმა დაკარგა უდიდესი პიროვნება და უდიდესი პატრიარქი, რომელმაც ისტორიაში თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

უნეტარესი თავისი ქადაგებებით ცდილობდა ადამიანებს შორის სიყვარული და სათნოება დაებრუნებინა და გაემყარებინა, ლოცულობდა თითოეული ჩვენგანისთვის, ურთულეს პერიოდებში იდგა ქართველ ერთან ერთად და აძლიერებდა თავისი ლოცვითა და კურთხვით. მისი ქადაგებები ყოველთვის დარჩება ჩვენს მახსოვრობაში, ქადაგებები, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა.

უნეტარესი არაერთი ოჯახის ნათლიაა, მათ შორის, არის ჩემი ოჯახის ნათლია. მან ბევრ ქართულ ოჯახთან მარადიული სულიერი კავშირი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არასდროს დაავიწყდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ქვეყნის სულიერი მამა, სათნოებისა და სიყვარულის მაგალითი, ჩვენი წინამძღვარი,"-წერს დავით ნარმანია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გამოგვყევით