განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება ქონების გადასახადს გადაიხდის.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, 2 თვეში შევა.
"ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენდება, ქონების გადასახადს გადაიხდის, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში წავა. შემდეგ ეს უკლებლივ დაბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და მათ ვალდებულება ექნება, რომ კონკრეტული პროცენტი აუცილებლად იმ სოფლისა, თუ ადგილობრივი თემის განვითარებას მოახმარონ, სადაც ჰიდროელექტროსადგური შენდება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება ინიციატორი იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რასაც კერძო და საჯარო ურთიერთობების უზრუნველყოფა ჰქვია.
კონტროლის მექანიზმები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს ექნება აღებული და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება ისე, რომ ადგილობრივი თემი თავად გადაწყვეტს სკოლა ესაჭიროება, ბაღი თუ სხვა რამ. მე ველოდები იმას, რომ ამ პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ ჩამოვყალიბდებით ისეთ ქვეყნად, სადაც რეგიონები, რაიონები და სოფლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან, რომ "აი ჩვენთან ააშენეთ ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგურიო" და ერთხელ და სამუდამოდ გავხდებით თვითკმარი", - აცხადებს მაია მელიქიძე.