მაისსა და ივნისში გვაქვს ჯავშნები ისრაელიდან, რომელიც ჯერჯერობით არ გაუქმებულა და ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მალე დასრულდება, - ამის შესახებ Wald Hotel Lagodekhi-ის მენეჯერმა ქეთი კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, სასტუმრო აქტიურად ემზადება ზაფხულის სეზონისთვის, მათ შორის, ცვლის როგორც გარე, ისე შიდა ინვენტარს და ასევე, ახალ სივრცეებს ამატებს.
"წინა წლის მარტთან შედარებით, წელს დამსვენებლები გვყავს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სასტუმროს დაახლოებით 30%-ია დატვირთული და დამსვენებლები არიან როგორც უცხოელები, ისე ქართველები. კერძოდ, უცხოელები საერთაშორისო პროგრამით არიან და ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქით არის დაკომპლექტებული.
გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონიც უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წლის. ჩვენ ყველა ველოდებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულებას და გვაქვს იმედი, რომ აღნიშნული გამოწვევებს არ შექმნის. მიმდინარე წლის ზაფხულში სასტუმრო კომპლექსს დაემატება ქვიშის ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები დაემატება. გარდა ამისა, გარე და შიდა ავეჯის შეცვლას ვაპირებთ", - აცხადებს ქეთი კაპანაძე.
ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.