დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია.
„დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს მატებას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან. ამას აძლიერებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის უწყვეტი ძალისხმევა კონკურენციის ხელშეწყობის, ინოვაციების წახალისებისა და ფინანსური ეკოსისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია; ის მჭიდროდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ის ხელს უწყობს ინოვაციებს, ახალი მოთამაშეებისთვის ამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ფინანსურ სტაბილურობას იცავს.
ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზირების ფორმატების ფართო სპექტრი შემოიღო, რაც მიზნად ისახავს ინოვაციების მხარდაჭერას და ფინანსური მომსახურების გაფართოებას. მათ შორისაა მიკრობანკის ჩარჩო და ციფრული ბანკების ლიცენზირება. გარდა ამისა, შეიქმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლებისთვის განკუთვნილი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება.
„საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება. იზრდება ინტერესი როგორც სახელმწიფო, ისე კორპორატიული ობლიგაციების მიმართ, რაც ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ერთად, ეს ძალისხმევა აყალიბებს უფრო დინამიკურ, კონკურენტუნარიან და მომავალზე ორიენტირებულ ფინანსურ ეკოსისტემას, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების მდგრადი ზრდისთვის.
საქართველო რჩება ღია ეკონომიკად, მზად არის, გააღრმაოს კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ახალი შესაძლებლობების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია პრაქტიკულ გზებს შემოგთავაზებთ და საბანკო სექტორის სამომავლო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.