შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ის, რასაც ვიტყვი, თუმცა, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა მოვრჩეთ კომუნალური ტარიფებით პოლიტიკურ ველზე სპეკულირებას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი საარჩევნო კამპანია იწყება იმით, რომ მოსახლეობას წყლის, დენის და სხვა გადასახადების გაიაფებას ჰპირდებიან.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ტყუილი. დაახლოებით, 8 წელია ვაკვირდები ამ პროცესებს, რაც მზის ენერგეტიკაში ვსაქმიანობ. მე რომ მოვედი ამ სფეროში, ელექტროენერგიის საფასური იყო 17 თეთრი და მაშინ ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ეს საფასური არარეალური იყო და უნდა გაზრდილიყო.ის 17 თეთრი, დაახლოებით, 2 წელიწადში გახდა 31 თეთრი, ანუ ჩვენ გვქონდა 70% -იანი ზრდა. გარდაუვალი იყო მაშინ ტარიფების ზრდა, ჩათვალეთ, რომ კოლაფსამდე იყო მისული სისტემა. რამდენიმე კომპანია პირდაპირ ამბობდა, რომ გავიდოდა ამ ქვეყნიდან, თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა“, - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე განმარტებით, კომპანიებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ხარჯები აქვთ, არამედ ისინი ასაქმებენ ადამიანებს და იხდიან ხელფასებს.
„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ეს ორგანიზაცია, „თელასი“ იქნება, „ენერგო პრო“ თუ სხვები, ადამიანებს ასაქმებენ. ისინი ხელფასს იხდიან და ამ ხელფასებს ამ ტარიფებით აფინანსებენ. მოვიკითხოთ რა ხელფასზე მუშაობს მაგალითად - „ენერგო პროს“ რიგითი თანამშრომელი სადღაც რეგიონში. შეიძლება არ მოგვეწონოს იმ ადამიანის ხელფასი, შეიძლება მიზერულ ხელფასზე მუშაობს“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგია ძვირდება, ამას პირდაპირ გრძნობენ მზის ენერგიაზე მომუშავე კომპანიები, რადგან მათ სერვისზე მოთხოვნა იზრდება.
„როგორც კი ფასების ზრდა ხდება, ჩვენი ტელეფონები არ ჩერდებოდა. მაშველი რგოლივით ვართ, რადგან ვთავაზობთ მზის ელექტროსადგურების დაყენებას და შესაბამისად, გადასახადების შემცირებას. ახლაც იგივე ხდება, არ ჩერდება ჩვენი ტელეფონი“, - განმარტა „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით.