ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ენერგეტიკული ბირჟების გარდა, სხვა ინდუსტირებისთვისაც არა ნაკლებ მტკივნეული აღმოჩნდა. აბსოლუტურად ყველა ტიპის პროდუქტის საზღვაო გადაზიდვებზე პრობლემები შეიქმნა, რადგან სატვირთო გემების არც თუ მცირე ნაწილი სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილდებოდა. ცხადია, გამონაკლისი არც ღვინის სექტორი აღმოჩნდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მეღვინეობა „8000 ისტორიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა გვანცა ნიკოლეიშვილმა განუცხადა, მსოფლიოს მასშტაბით, იმ კომპანიებს, რომლებიც ღვინის ექსპორტსა, თუ იმპორტს ჰორმუზის გავლით ახორციელებდნენ, დაბრკოლებები შეექმნათ.
„ნებისმიერი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მით უფრო სამხედრო კონფლიქტების მიმართ, ღვინის სექტორიც მგრძნობიარეა. აქედან გამომდინარე, ჰორმუზის ჩაკეტვა ნამდვილად წარმოადგენს ლოგისტიკურ პრობლემას, ვინაიდან სატვირთო გემებს უწევთ სხვა მარშრუტების მოძიება, რაც ზრდის როგორც ტრანსპორტირების დროს, ისე ხარჯებს. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს კომპანიას, მეღვინეობა „8000 ისტორიის“ პროდუქცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აზიურ ბაზრებზე ექსპორტზე არ დადიოდა, ჩვენ აქცენტი ევროპულ სახელმწიფოებზე გვაქვს გაკეთებული, ამიტომ გადაზიდვების პრობლემა არ შეგვქმნია. მეტიც, ჩვენი ღვინის საექსპორტო მაჩვენებლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, გაზრდილია“, - აღნიშნა გვანცა ნიკოლეიშვილმა.
მან „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ის ახალი რეგულაციაც შეაფასა, რომელიც ვენახების გაშენებას ეხება და რომლის მიხედვითაც, უკვე 1-ელი მაისიდან ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას, სპეციალური ნებართვა დასჭირდება.
“თანხმობა ვენახის გაშენებაზე“ - ეს ცნება “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის, რაც თავის მხრივ გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური, ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება, თუმცა ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებზე არ გავრცელდება.
„ვფიქრობ, მთავრობის ახალი ინიციატივა ქვეყანაში ხარისხიანი ღვინის წარმოებას ხელს შეუწყობს. ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლების ათვლა ვენახიდან იწყება. ამიტომ, მაღალხარისხიანი ღვინო იწარმოება სწორედ ისეთი ვენახებიდან, რომლებშიც კარგად არის დაცული ვაზის ჯიშური სიწმინდე“, - აღნიშნა მეღვინეობა „8000 ისტორიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
თუმცა, გვანცა ნიკოლეიშვილის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციის აღსრულება მოხდეს ისე, რომ ბიუროკრატიულ დაბრკოლებად არ იქცეს მეღვინეებისთვის.