ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია ენერგეტიკის განვითარების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ვლადიმერ ძნელაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მთავარ გამოწვევად საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა რჩება.
"ჩვენი ფონდი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ენერგეტიკის სფეროში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამ წუთში ჩვენ 400 მეგავატის ფარგლებში არსებულ პროექტებზე ვმუშაობთ, რომელიც ჯამში 14 პროექტია, მათ შორის, არის მზის, წყლისა და ქარის მიმართულებით. მათი ჯამური ღირებულება ნახევარი მილიარდ დოლარია და ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება.
საერთაშორისო ინვესტორებისთვის კომფორტულია, როდესაც სახელმწიფოსთან პარტნიორობით ახორციელებენ პროექტს და ჩვენ ამ ფუნქციას ვასრულებთ. სახელმწიფო პრიორიტეტებს განვიხილავთ და ასეთი მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ პროექტებს. მეტად ვმუშაობთ ჩვენს ხალხთან და ამან ძალიან კარგი შედეგები გამოიღო და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორებიც უკმაყოფილოები არ არიან.
მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა რჩება და ამისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ენერგოუსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება წინსვლა და სხვა ბევრი ენერგეტიკული სიკეთე", - აცხადებს ვლადიმერ ძნელაძე.