ტარიფები, რომ არ გაგვეზარდა ინვესტიციების განხორციელება ვერ მოხდებოდა იმ ტემპით, რაც აუცილებელი ქსელის განვითარებისთვის და გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წევრმა გივი სანიკიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინვესტიციები შეძლებს იმას, რომ ქსელის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ავარიები და წყვეტები მაქსიმალურად შემცირდეს.
"ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ სექტორში. ეს ზრდა განაპირობებს იმას, რომ დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვაა აუცილებელი. ამ ზრდის ფონზე აუცილებელია იაფიანი ელექტროენერგია იყოს ხელმისაწვდომი, რაც არ არის იმ ოდენობით, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ გაზრდილი მოთხოვნის ისე დაბალანსება, რომ ტარიფი არ გაიზარდოს. წლევანდელი მონაცემებითაც, ელექტროენერგიის ბალანსი 2026 წლისთვის 5%-იანი ზრდით არის დაგეგმილი. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, რომ როდესაც მარეგულირებელი კომისია ტარიფის პროგნოზირებას ახდენს უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოებები და ასევე, გასული წლების მანძილზე არსებული ფაქტობრივი სტატისტიკა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება ძვირდება. ამასთან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ტარიფზე იმ ინვესტიციებს, რომელიც ყოველწლიურად იგეგმება. ბოლო ორი წელია საკმაოდ მასშტაბური ხორციელდება როგორც "თელასის", ისე "ენერგო პროს" ქსელში და ეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ტარიფები, რომ არ გაგვეზარდა ინვესტიციების განხორციელება ვერ მოხდებოდა იმ ტემპით, რაც აუცილებელი ქსელის განვითარებისთვის და გაუმჯობესებისთვის. გაუმჯობესება კი გულისხმობს იმას, რომ უნდა შეწყდეს ავარიები, წყვეტები, ელექტროენერგიის ძაბვა უნდა იყოს სტანდარტით განსაზღვრული. თუ ენერგოკომპანიები და მათ შორის მიმწოდებლები ვერ მიიღებდნენ სათანადო შემოსავალს, რათა სრულყოფილად შეესყიდათ ენერგია - ისინი დაზარალდებოდნენ, გაკოტრდებოდნენ და ვერ მოხდებოდა ელექტროენერგიის უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება", - აცხადებს გივი სანიკიძე.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.