რაც გაკეთდა ნამახვანჰესზე თითოეული ჩვენგანის დანაშაულია, მერე გვიკვირს რატომ იზრდება ტარიფი, - ამის შესახებ კომპანია "ბემონის" მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდეს და ჩვენი ელექტროენერგია გვქონდეს საჭიროა ჰესების აშენება, ამისთვის კი მოსახლეობასთან საუბარია საჭირო.
"ყველა მთავრობის დროს იყო მცდელობა, რომ ხუდონი და სხვა დიდი პროექტები აღდგენილიყო. ვინ არის დამნაშავე? აქ ძალიან მარტივია ვთქვათ რომ მთავრობაა დამნაშავე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა დამნაშავე ვართ, მათ შორის, ინვესტორი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადიოდნენ თემში და ეუბნებოდნენ, რომ სადგურის აშენება სიმსივნეს გააჩენს სოფელში. ამას ჩვენ ვხვდებით თითოეულ პროდუქტზე, რომ მოდიან და მოსახლეობას ეუბნებიან აბსოლუტურ სისულელეებს. კომპლექსური პრობლემაა. მე მინახავს ინვესტორი, რომელიც უცხო ენის ლექსიკონით ესაუბრება სოფლის მოსახლეობას და ეს არ შეიძლება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ქვეყანა ყველასია. ხუდონჰესი თუ აშენდება ის დიდ ეფექტს მისცემს საქართველოს. ნამახვანი დასრულებული იქნებოდა და ჩვენ გვექნებოდა ელექტროენერგია და შემცირდებოდა იმპორტი.
რაც გაკეთდა ნამახვანჰესზე თითოეული ჩვენგანის დანაშაულია. მერე გვიკვირს რატომ იზრდება ტარიფი. ინვესტორებმა, მშენებლებმა და ყველამ კეთილი ვინებოთ და დავსხდეთ და მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ რა სარგებელია ეს. ჟინვალი და ენგური თავის დროზე როცა აშენდა, იქაც მოხდა გადასახლება და კომპენსაციის გადახდა. ეს გადასახლება კი უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანი უკეთეს ან იგივე მდგომარეობაზე გადავიდეს. უნდა იყოს გარანტიები, რომელიც კანონის დონეზე იქნება აყვანილი და და უნდობლობა უნდა დავძლიოთ", - აცხადებს გიორგი მირცხულავა.