logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ადრე თუ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი 4.6 ცენტი იყო, დღეს არის 5.6 ცენტი" - გიორგი მარგებაძე

"ადრე თუ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი 4.6 ცენტი იყო, დღეს არის 5.6 ცენტი" - გიორგი მარგებაძე

1775155838

„ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, იზრდება იმპორტის წილიც, ადრე თუ იმპორტის საშუალო ფასი 4.6 ცენტი იყო, დღეს არის 5.6 ცენტი“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა  გიორგი მარგებაძემ  განაცხადა.

მან ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ქვეყანაში როგორც ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფები გაძვირდა.

მარგებაძის თქმით, ტარიფების მატება გარდაუვალი იყო, რადგან ელექტროგადამცემი ქსელები საჭიროებდა რეაბილიტაციას, გარდა ამისა, ქვეყანას გაუძვირდა ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულებაც.

„ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ - წარმოიდგინეთ, მე ვარ ოპერატორი და თქვენ ჭიქით წყალი უნდა მოგიტანოთ. თქვენ ამ წყლით სარგებლობთ და პირობითად, მე მიხდით 1 ლარს. ეს წყალი, რომელიც ამ ჭურჭელში ასხია, მე ჯერ უნდა შევიძინო, თუმცა ამ წყალს ერთ ადგილზე არ ვყიდულობ. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი არის „ენგურის“ დენი, ანუ ამ შემთხვევაში, „ენგურის“ წყალი, რომელიც გაძვირდა და 2 თეთრიდან გახდა 4 თეთრი. ესეც ლოგიკურია თუ რატომ გაძვირდა - 60 წლის სადგური გარემონტდა, სესხები აღებული იქნა, საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა და ამ თანხებს ამოღება უნდა. გარემონტდა, უფრო ეფექტური გახდა 60 წლის სადგური და შესაბამისად, ტარიფი გაიზარდა. ანუ, თუ ისევ ჭიქაში ჩასხმულ წყალზე ვისაუბრებთ - მე ერთი კომპონენტი გამიძვირდა ამ ჭურჭელში. მეორე კომპონენტი არის - ჩვენი მოხმარება. როდესაც იზრდება მოხმარება, ერთადერთი დამაბალანსებელი არის იმპორტი. მოხმარება ყოველწლიურად რომ იზრდება, იმპორტის წილიც არის გაზრდილი. თუმცა, აქ უნდა შევხედოთ იმპორტის ტარიფებს, ვხედავთ რომ ის ყველგან გაიზარდა. პირობითად, 5 წლის წინ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი თუ იყო 4.6 ცენტი, დღეს არის 5.6 ცენტი. ანუ გამოდის, რომ გამეზარდა როგორც ენგურის ტარიფი, ისე იმპორტის ტარიფი. ამასთან, წყალი თქვენამდე რომ მოვიტანო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჭიქა, რომლითაც თქვენამდე წყალი მომაქვს. ეს ჭიქა მოძველებულია და აქვს ბზარები, გასდის წყალი და ვერ მომაქვს საჭირო რაოდენობა თქვენამდე. ამ ჭიქას  სჭირდება განახლება, ახალი ჭიქა რომ ვიყიდო, ყველაფერთან ერთად, იგივე ზომის კი არა, უფრო დიდი უნდა ვიყიდო, რადგან ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ ჭიქაში უკვე მაქვს გაძვირებული წყალი, რომელიც თქვენამდე მომაქვს. თქვენ რომ მითხრათ, რომ იგივე ფასად მოგყიდოთ, რა ფასადაც გაძლევდით ადრე, ამ ყველაფრის შემდეგ ეს ფიზიკურად შეუძლებელია“, - განმარტა გიორგი მარგებაძემ.

როგორც მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის ორჯერ-ორი და ყველაზე მარტივი ახსნა იმის, თუ რატომ გაძვირდა ელექტროენერგია. მისივე თქმით, იგივე ტარიფების შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით.

გამოგვყევით