გერმანული სპორტული ბრენდი Puma, რომელიც Adidas-თან ერთად ოჯახური ბიზნესიდან იღებს სათავეს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დასუსტდა და მზარდი კონკურენციის ფონზე, მათ შორის ჩინური სპორტული ტანსაცმლის გიგანტის — Anta-ს გავლენის ქვეშ მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანია ძმებმა რუდოლფ და ადოლფ დასლერებმა ერთიანი კომპანია დააფუძნეს, თუმცა მოგვიანებით კონფლიქტის შედეგად მათი გზები გაიყო — რის შემდეგაც რუდოლფმა Puma, ხოლო ადოლფმა Adidas შექმნა. ორივე კომპანიის სათავო ოფისი დღესაც ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.
ბოლო წლებში Puma-მ მომხმარებელთა ინტერესის შენარჩუნება ვერ შეძლო, მაშინ როდესაც Adidas-მა რეტრო სტილის სპორტული ფეხსაცმლის წყალობით გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, Puma ზედმეტად დაეყრდნო ლაიფსტაილ პროდუქტებს, ხოლო სპორტული მიმართულების განვითარება შედარებით დააკლდა.
კომპანიამ კონკურენტული უპირატესობა მაშინ დაკარგა, როდესაც ბაზარზე ახალი ბრენდები გაძლიერდა, ხოლო ფასდაკლებებზე და მასობრივ გაყიდვებზე გადაჭარბებულმა აქცენტმა ბრენდის ღირებულება შეამცირა.
ამ ფონზე, Anta-ს მიერ Puma-ს 29%-იანი წილის შეძენა 1.8 მილიარდი დოლარის გარიგებით კომპანიისთვის აღდგენის შესაძლო შანსად განიხილება, მათ შორის ჩინურ ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად. გარიგების გამოცხადების შემდეგ Puma-ს აქციების ფასი გაიზარდა.
Puma-ს საბაზრო ღირებულება 2021 წლის პიკთან შედარებით დაახლოებით 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულება დღეს Adidas-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
კომპანიის ახალი მენეჯმენტი გეგმავს ხარჯების შემცირებას, თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაციას, მარკეტინგის გაუმჯობესებასა და პროდუქციის ასორტიმენტის შეკვეცას, რათა ბრენდმა დაკარგული პოზიციების აღდგენა შეძლოს.
ანი ჯალაღონია