logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ხუდონჰესის პროექტი დღეს ყველაზე აქტუალურია, სადაც სახელმწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია" - ნინა გადელია

ხუდონჰესის პროექტი დღეს ყველაზე აქტუალურია და ზოგადად, ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ Shine Energy-ს დამფუძნებელმა ნინა გადელიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტ როლს სახელმწიფოს ჩართულობა, ინვესტორთა ნდობა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია ასრულებს.

"ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიმართულება, სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად, ავითვისოთ. ჩვენ სწორედ, მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანიას წარმოვადგენთ. 

სახელმწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია განსაკუთრებით, ხუდონჰესის ნაწილში, რადგან ჩვენ სხვა ჰესებთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა და ფაქტობრივად, დღეს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან სერიოზული უნდობლობაა. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად განახლებადი ენერგიის ამ მასშტაბის მშენებლობა ძალიან დიდ საინვესტიციო ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეს თანხები აუცილებლად იქნება ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მიღებული, ან კერძო ინვესტიციებით, რომელიც საერთაშორისო ბაზრებიდან წამოვა. ამიტომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ნაწილში არის რიგი გამოწვევები და ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემები, ცნობიერების ნაკლებობა. მოსახლეობა ხედავს რისკებს, რომ პროექტი გარემოს ნაწილში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის და აქ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, სახელმწიფოს უფრო მეტად ჩართულობა, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს საბოლოო ჯამში პროექტის წარმატებით განხორციელებაში. 

იმისთვის, რომ (პროექტი) ინვესტორისთვის საინტერესო გახდეს - ალბათ, სამშენებლო ფაზის პირველი ეტაპი მაინც უნდა დაიწყოს და როგორც პრემიერმა თქვა სახელმწიფომ შესაძლოა ფინანსური კონტრიბუციაც კი განახორციელოს ამ პროექტში. ეს თავის მხრივ ალბათ გულისხმობს იმას, რომ პროექტი გარკვეულ ფაზამდე მივიდეს და როცა ამ იმპულსებს დაინახავს ინვესტორი შემდეგ ფაზებზე გადავა, რაც საბოლოო ჯამში სადგურის ექსპლუატაციას გულისხმობს"- განაცხადა ნინა გადელიამ.

შეგახსენებთ,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  26 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს "ხუდონჰესის" პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. 

„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკა

გამოგვყევით