საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი.
აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა.