მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "ჰერბიას" თანადამფუძნებლის დავით ჯანელიძის განცხადებით, ქვეყანაში მწვანილზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ზოგჯერ დეფიციტი იქმნება.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ბაზარზე არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც მსგავსს პროდუქტს აწარმოებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს განვითარება.
"გამოწვევები არსებობს. პირველად წარმოებაში დეფიციტები იქმნება. ჩვენი მხრიდან ყოველწლიურად ვამატებთ სასათბურე მეურნეობებს პირველად წარმოებას ვზრდით, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კონკრეტულად მწვანილზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში შევდივართ. შესაბამისად, ზოგჯერ დეფიციტი იქმნება. ჩვენ ჩვენი წარმოების გარდა, 500 პარტნიორი ფერმერი გვყავს, რომლებიც ჩვენთვის აწარმოებენ პროდუქციას. მომავალში ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და შევეცდებით ეს დანაკლისები შევავსოთ.
გარდა ამისა, პრობლემაა იმპორტულ პროდუქტთან მიმართებაში. ქვეყანაში ირანიდან პროდუქცია, ფაქტობრივად, დემპინგურ ფასად შემოდის და მას ფასში კონკურენციას ქართული პროდუქტი ვერ უწევს და ქართული წარმოება იჩაგრება. გამოსავალი არის ის, რომ როგორც მინიმუმ პროდუქციის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს რომელია ქართლი და რომელი იმპორტირებული", - აცხადებს დავით ჯანელიძე.
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, მიმდინარე წელს "ჰერბია" ტექნოლოგიურ განვითარებას გეგმავს.
"გვინდა, რომ პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოვიტანოთ, რაც წარმადობის ზრდის საშუალებას მოგვცემს. მაგალითად, წინა წელს 10%-მდე გავზარდეთ ჩვენი წლიური სასათბურე მეურნეობის წარმადობა, თუმცა ძალიან რთულია თქმა ახლა რა რაოდენობით გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პროექტში 0.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება", - აღნიშნა დავით ჯანელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰერბია ბოსტნეულსაც აწარმოებს - მათი მთავარი მიმართულება მაინც მწვანილია და განვითარებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.