logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბიუჯეტურ მოგზაურობაზე ორიენტირებულ მომხმარებლებში კლების ტენდენცია შეინიშნება" - "ნოვა ტური"

ბიუჯეტურ მოგზაურობაზე ორიენტირებულ მომხმარებლებში კლების ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა და მოქალაქეები დანაზოგის მოგზაურობაში დახარჯვას ვეღარ ახერხებენ. 

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით შემცირებულია, მათ შორის, ეგვიპტისა და დუბაის მიმართულებით. ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ პროპორციულად აისახება მომართვიანობაზე და შესაბამისად, ბოლო 2 წელი მატების კუთხით არ გამოირჩევა. 

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ქართველი მომხმარებელი წინასწარ დაჯავშნის მექანიზმს მივაჩვიოთ, რადგან ერთის მხრივ ის ზოგავს ბიუჯეტს და მეორეს მხრივ თავისუფალია არჩევანში. ნოემბრიდან გავხსენით ზაფხულის ჯავშნები და აქტივობა საკმაოდ მაღალია. მოთხოვნის კუთხით ისევ გამორჩეულად პოპულარულია თურქეთის სანაპიროები, ეგვიპტე, საბერძნეთი, კვიპროსი და სხვა ევროპის მიმართულებები, რომლებიც სეზონურობას არ განიცდიან.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა ყველანაირ საფასო კატეგორიაზეა. თუმცა ტენდენცია ასეთია - ვინც მაღალგადამხდელუნარიანი მომხმარებელი იყო ის ისევ დარჩა, საშუალოც ისევ გვყავს, თუმცა იმ სეგმენტზე, რომლებსაც მოგზაურობა ბიუჯეტურად სურდათ, ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურობამ, მათზე ყველაზე მეტად იმოქმედა", - აცხადებს მამუკა ჯიქია.

მანვე აღნიშნა, რომ სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალი ავია მიმოსვლების დამატებას და თითოეული ახალი მიმართულების დამატება როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. 

ეკონომიკა

გამოგვყევით