ქუთაისში, Courtyard Marriott-ის სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მშენებლობის ნებართვას ველოდებით. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მომავალ წელს არსებული შენობის დემონტაჟი და შემდეგ – სასტუმროს მშენებლობა დავიწყოთ, - ამის შესახებ "რიკო ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 120 ნომერს მოიცავს და პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 35 მლნ ლარს შეადგენს.
"კომპანია "რიკო ჯგუფი" ქუთაისის ცენტრში Courtyard Marriott-ის სასტუმროს ააშენებს. პროექტი Marriott International-ის ფრენჩაიზის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ვართ შეთანხმების ეტაპზე. პროექტმა კულტურურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში ძეგლთა დაცვის აკრედიტაცია გაიარა და დოკუმენტი უკვე გაგზავნილია ქუთაისის მერიაში, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მოწონებულ იქნა.
ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირას უკვე გვექნება "გაპის" (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი) დადასტურება. ახალი წლის შემდეგ კი ვგეგმავთ ქუთაისის ცენტრში, TBC ბანკის სათავო ოფისის გვერდით არსებული შენობის დემონტაჟს და მშენებლობის დაწყებას. თანხები მობილიზებულია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი დანამატი, რადგან ასეთი ხარისხის სასტუმრო ქუთაისში არ არის, რაც რა თქმა უნდა რეგიონის ტურისტულ განვითარებას ხელს შეუწყობს.
სასტუმრო 120 ნომერიანი იქნება. გარდა ამისა, დაგეგმილია ღია აუზის, საკონფერენციო დარბაზის, ასევე სამი კვების ობიექტის, მათ შორის ევროპული და ქართული რესტორნების მშენებლობა. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს შიდა ეზოს ღია კაფეების ტიპის ობიექტებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასტუმროს სტუმრებისთვის, ისე გარედან შემოსული მოქალაქეებისთვის. დამატებით, კომპლექსი მოიცავს მიწისქვეშა პარკინგსაც", - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.