logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ინგა ფხალაძე: საქართველოში წარმოებული მწვანე ენერგია ევროპისთვისაც საინტერესო იქნება

"საქართველოში წარმოებული მწვანე ენერგია საინტერესო იქნება ევროპისთვის და აზიისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ "ღამის ბიზნესპარტნიორში" შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო მდიდარია განახლებადი რესურსებით და ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, ელექტროენერგია ყველა განახლებადი ენერგიის წყაროს გამოყენებით აწარმოოს.  

"საქართველოში წარმოებული მწვანე ენერგია საინტერესო იქნება ევროპისთვისაც, აზიისთვისაც, რადგან ის შეიძლება მიწოდებული იყოს სუფთა ენერგიის სახით. გარდა იმისა, რომ ჩვენთან წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვის შესაძლებლობა გვექნება პირდაპირი ვაჭრობით ევროპასთან, ჩვენ გვეზრდება ტრანზიტის პოტენციალი, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ა.შ. მოხდება ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ელექტროენერგიის გატარება ჩვენი კაბელის მეშვეობით. 

ევროკავშირსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ელექტროენერგია იმ მომენტში, როდესაც მას ეს ძალიან სჭირდება. თვითონაც დივერსიფიცირებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ, მათთვის საინტერესოა სხვა ქვეყნებიდანაც მიიღონ ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. რა თქმა უნდა ევროკავშირის მხრიდანაც ეს არის ენერგოუსაფრთხოების გზისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. 

ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების სტატუსის მისაღებად  ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო-რუმინეთის ერთობლივი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც შეიყვანა. 

გამოგვყევით