სარკინიგზო და საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები გაძვირდა. გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების შეფასებით, მიზეზი წლის ბოლო კვარტალში ტვირთბრუნვაზე გაზრდილი მოთხოვნაა, რაც ყოველწლიური ტენდენციაა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მიხეილ ნამადოვმა - Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, ამჟამად, 40-ფუტიანი კონტეინერის ზღვით გადაზიდვის ფასი 3600 დოლარამდეა, რაც 10-15%-ით გაძვირებული ტარიფია. რაც შეეხება რკინიგზას, იმავე მოცულობის კონტეინერის რკინიგზით გადატანის ფასი 7000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
გადაზიდვის ფასების გარდა, მიხეილ ნამადოვი მომავალი წლის პროგნოზებზეც საუბრობს და იმედოვნებს, რომ 2026 წელს ქვეყანა შეძლებს კიდევ უფრო მეტი ტვირთი მოიზიდოს, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ამჟამად, საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს.
თუმცა, ნამადოვის განმარტებითვე, იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი სტრატეგიული მდებარეობა სრულად აითვისოს, საჭიროა ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დროულად აშენება, ფოთის პორტის გაფართოება, რკინიგზის მიმართულებით სავაგონო პარკის განახლება და სხვა…
სხვა შემთხვევაში, ბიზნესსექტორში ფიქრობენ, რომ საქართველო, გრძელვადიან პერიოდში, ვერ შეძლებს მაღალი ტვირთბრუნვის შენარჩუნებას. ამ ჭრილში კომპანიები ზანგეზურის დეფერანზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ სულ მცირე 3-4 წელი ეს მარშრუტი სრულად ვერ ამოქმედდება, ამიტომ საქართველოს კვლავაც აქვს დრო, რომ თავისი ინფრასტრუქტურა განავითაროს, რათა სამომავლოდ ტვირთები არ დაკარგოს.
რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, საქსტატის ბოლო სტატისტიკური მაჩვენებლები როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ტვირთბრუნვის მიმართულებით ასეთია - 2025 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 1.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა კი 4 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავეს, რაც გაზრდილი მონაცემია.