ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინგა ფხალაძის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს საქართველოსთვის ბევრი ბენეფიტი ექნება.
მისივე თქმით, ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვის გარდა, ქვეყანა ინვესტორების მოზიდვასაც შეძლებს.
"ამ პროექტის განხორციელებას მოჰყვება ის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიცაა მისი ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა - შეღავათიანი პირობებით მოხდება ლიცენზიების აღება, პროექტი დიდი სისწრაფით განვითარდება. აქ დაფინანსების მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ პროექტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს ინვესტიციას, რომელიც 3.5 მილიარდი ევროს უტოლდება. საგრანტო დაფინანსება იწყება 30%-დან და 50%-ით მთავრდება, ხანდახან 75%-ის ოდენობითაც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა, როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად. ძალიან სერიოზული ევროპელი, აზიელი ინვესტორები უკვე ინტერესდებიან, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
რა ეტაპზეა შავი ზღვის კაბელის პროექტი, ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ უკვე აჩვენა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია, თუმცა კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
"ჩვენ ამჯერად შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროცესში ვართ, რომლისთვისაც სპეციალური გემები უნდა შემოვიდეს შავი ზღვის აკვატორიაში და კვლევითი სამუშაოები ჩატარდეს, იმისთვის, რომ დადგინდეს, ტექნიკურად როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა ინგა ფხალაძემ "ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში".
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების სტატუსის მისაღებად ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო-რუმინეთის ერთობლივი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც შეიყვანა.