განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება.
როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით. მე-11 კლასში შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული, რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თიოთოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ, დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
1TV.GE