logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"რაჭული თეთრას და მწვანეს ნაზავი ჩამოვასხით - პროდუქციის რეალიზაცია 20%-ით გაიზარდა" - "ველეულა"

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარე, ღვინის მარნის "ველეულას" პროექტ მენეჯერის, ნინო მღებრიშვილის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქციის რეალიზაცია დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რასაც მარნის წარმომადგენელი კმაყოფილ მომხმარებლებს უკავშირებს.  

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ნინო მღებრიშვილი აღნიშნავს, ტურისტული ობიექტი ასორტიმენტის გაზრდაზე მუდმივად მუშაობს, მაგალითად, ახლახან კომპანიამ რაჭული თეთრას და მწვანეს ნაზავი ჩამოასხა.

მისივე თქმით, ღვინის მარანი წელიწადში დაახლოებით, 10 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 

"ჩვენი საკუთარი ვენახები ძირაგეულში და საკეციაში გვაქვს, რომლის ფართობი 2 ჰექტარს მოიცავს. ადგილწარმოშობის ღვინოს ხვანჭკარას ვამზადებთ, ასევე გვაქვს: "ალექსანდროული", "ძელშავი" რაჭული "თეთრა", "საფერავი" და "ცოლიკაური". წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, რასაც კმაყოფილ მომხმარებლებს ვუკავშირებ. ზოგადად ჭრილში კი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები წარმოებაზე ძალიან მოქმედებს. გაყიდვების კუთხით, ძირითადი მომხმარებლების წილი მაინც თბილისზე მოდის.

ახალგაზრდა მეღვინე გვყავს, რომელიც ყოველთვის ახალი გემოს ძიებაშია. ჩვენთან ერთ-ერთ ყველაზე ტოპ გაყიდვად ღვინოდ "ვერ ველევი" ითვლება, რომელიც საქართველოს 3 რეგიონის, 3 ჯიშის ყურძნისგან მზადდება ("რაჭული მწვანე", "იმერული ცოლიკაური" და "კახური რქაწითელი").  ასორტიმენტის გაზრდას მუდმივად ვცდილობთ, სულ ახლახან რაჭული თეთრას და მწვანეს ნაზავი ჩამოვასხით, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება განსხვავებული არომატის გამო დაიმსახურა", - აღნიშნავს "ველეულას" პროექტ მენეჯერი.

ნინო მღებრიშვილი თქმით, ამ ეტაზე "ველეულა" ექსპორტზე არ გადის.

"ღვინის ფასის დიაპაზონს რაც შეეხება, 1.5 ღვინის ფასი 17 ლარიდან იწყება, პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ვყიდით. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე 8 000-ს მოსავალში და სხვადასხვა, ღვინის სპეციფიკურ მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი. ქსელურ მარკეტებში ნაკლებად შეძლებთ ჩვენს ნახვას, მაგალითად, "სპარში" სულ რამდენიმე პოზიციაზე ვართ", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.

ნინო მღებრიშვილი რაჭაში მიღებულ რთველის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანიას წელს კარგი მოსავალი ჰონდა.

"წელს ზოგადად ძალიან კარგი რთველი მივიღეთ. ამასთან, ინფორმაციულ კამპანიებს ხშირად ვატარებთ, რომ მომხმარებლები დავაინტერესოთ, ღვინის "ივენთებიც" ხშირად გვაქვს. რაჭა ზოგადად, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის ძალიან საინტერესო ადგილი გახდა", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ღვინის მარანი "ველეულა" რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით