logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სოფლის მეურნეობაში კვალიფიკაციასა და ხარისხზე სამუშაო გვაქვს, რათა ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე კონკურენტუნარიანი გახდეს" - რესან ქიქავა

ჩვენ ყველამ ვიცით რა პრობლემებიც არის სოფლის მეურნეობაში. ძირითადად ეს არის კვალიფიკაციის პრობლემა და ასევე, ხარისხობრივი თვალსაზრისით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე კონკურენტუნარიანი გახდეს.

"ექსპოჯორჯიაში" მიმდინარე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილეს საერთაშორისო 23-ე გამოფენაზე (AgriFood Tech) სწორედ ამ თემების განხილვა მოხდება, - ამის შესახებ "ექსპოჯორჯიას" დირექტორმა რესან ქიქავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე თქმით, გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს, სადაც სოფლის მეურნეობა ძალიან კარგად არის განვითარებული.

"ყველა საგამოფენო პროექტი, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ, დაახლოებით, 10 ინდუსტრიას მოიცავს. მათი მიზანი არის ის, რომ ინდუსტრიისთვის შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ერთ ჭერქვეშ გაეცნონ ყველა სიახლეს, რომელიც ბაზარზე არსებობს, წარადგინონ თავიანთი სერვისი და მომსახურება, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გააზიარონ პირადი გამოცდილებაც, დაამყარონ ბიზნესურთიერთობა და ა.შ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ამ კუთხით.

23 წელია იმართება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა და ცხადია, ის უკუკავშირი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს პროექტი ყოველწიურად ისევ განვახორციელოთ. გამოფენაში მონაწილე კომპანიებს 2/3 არის ის კომპანიები, რომლებიც ტრადიციულად იღებენ მონაწილეობას ამ გამოფენაში, რაც აღნიშნავს იმას, რომ მათთვის ეს გამოფენა კარგი შესაძლებლობაა. დაახლოებით, 1/3-ია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ან ახალი წარმდგენია თავიანთი მომსახურების, ან უბრალოდ გამოფენაა მათთვის ახალი. ჩვენთვის ორივე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად უნდა შევთავაზოთ ბაზარს ისეთი კომპანიები, რომლებსაც ინდუსტრიისთვის სიახლეები შემოაქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ის კომპანიები, რომლებიც ტრადიციულად არიან ჩართულები ამ გამოფენაში.  

ჩვენ სამინისტროს დახმარებით ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოგვყავს, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ გამოფენის ფარგლებში განსახილველი თემატიკა. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქვეყანას მეტი კონკურენტუნარიანობა ჰქონდეს ექსპორტის თვალსაზრისით.  

სასიხარულოა, რომ იტალიიდან და ნიდერლანდებიდან გვყავს ახალი კომპანიები, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გამოფენაში მონაწილეობა. ჩვენთვის გამოფენაში მონაწილეობის კუთხით სამიზნე ჯგუფი არის ევროპული ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, სადაც სოფლის მეურნეობა ძალიან კარგად არის განვითარებული და რომლებთანაც ჩვენ შეგვიძლია როგორც მომსახურების და პროდუქტის, ისე გამოცდილების გაზიარება. 

გამოფენა ყოველთვის ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ეს არის საგამოფენო ნაწილი და კონფერენციის ფორუმის ნაწილი. საგამოფენო ნაწილში წარმოდგენილები არიან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, რომლებიც წარადგენენ თავის პროდუქტს და მომსახურებას წარადგენენ. რაც შეეხება კონფერენციის ფორუმის ნაწილს - ეს არის B2B ნაწილი, ხდება იდენტიფიცირება ყველა იმ პრობლემის, რომელიც არის ინდუსტრიაში და კრისტალიზაცია რისი გაკეთება არის შესაძლებელი ამ სირთულეების გადასალახავად" , - აცხადებს რესან ქიქავა. 

მან ასევე, დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე "ექსპოჯორჯიაში" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა დაგეგმილი, რომელიც უძრავ ქონებას ეხება, რაც ასევე, საინტერესო ღონისძიება იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ასევე, მომდევნო კვირას - ეს არის უძრავი ქონების გამოფენა. ჩვენ 25 წელია ვატარებთ ამ გამოფენას და წელს დეველოპერებისთვის შევქმენით ცალკე პროდუქტი, რომელიც ფეხს მომდევნო კვირას აიდგამს. ძალიან ბევრი კომპანია მონაწილეობს და საინტერესო აქციები და შეთავაზებები იქნება. გარდა ამისა, იქნება B2B შეხვედრები და ა.შ. - ამით იხურება ჩვენი წლევანდელი სეზონი", - აღნიშნა რესან ქიქავამ. 

ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიხსსნა.  ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონში, რომელიც რომელიც, ტრადიციულად, თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერებს.

მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ  წარმოადგინონ პროდუქტი და მომსახურება,  დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს,  ინდუსტრიის პროფესიონალებს და პოტენციურ შემსყიდველებს. ღონისძიება განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ კონტაქტები და ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობას. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს.

გამოგვყევით