ტექნიკური პერიოდული დათვალიერების საფასური ძვირდება. 2025 წლიდან ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ, დახარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება. - ამის შესახებ “ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.
ტექინსპექტირების კავშირში ამბობენ, რომ ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციები აქვთ და სავარაუდოდ განახლებული ტარიფები ძალაში 2025 წლიდან შევა.
“5 წელია დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა, აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, რომ საფასური გადაიხედოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირების ცენტრებიდან კადრების გადინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 57-59% შეადგინა, რაც კატასტროფულად მაღალი მონაცემია. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ამიტომ ინსპექტირების საფასურის 30 ლარით გაძვირება ამ ფაქტორსაც უკავშირდება.”- აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.
რაც შეეხება ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგს, რომელსაც სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტო განახორციელებს, 2025 წლიდან დაიწყება.
“მონიტორინგი ითვალისწინებს, როგორც ვიდეო მეთვალყურეობას, ასევე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის კონტროლს ამასთან, დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება საჯარიმო სანქციები.”- აღნიშნავს გიორგი შიოლაშვილი.