logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"საქართველოში პირველ, ავტორიზებულ სურსათის ბანკს უკვე 2000-მდე ბენეფიციარი ჰყავს" - ნანა ოლქიშვილი

საქართველოში პირველ, ავტორიზებულ სურსათის ბანკს უკვე 2000-მდე ბენეფიციარი ჰყავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  სურსათის ბანკ "ენკენიას" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნანა ოლქიშვილმა   განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „ერთად შიმშილის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა პირველი, ავტორიზებული სურსათის ბანკი ფუნქციონირებს, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისს, მცხეთას, კასპის რაიონის რამდენიმე სოფელს, ლაგოდეხსა და გურიას ფარავს, თუმცა ნანა ოლქიშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში, სურსათის ბანკის საქმიანობა სრულიად საქართველოს მოიცავს.

„სურსათის ბანკ „ენკენიას“ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ევროპის სურსათის ბანკებთან, რათა საქმიანობის პროცესში მათი გამოცდილება გავიზიაროთ. გარდა ამისა, ჩვენი ჩართულობით, დაწყებულია მუშაობა, საქართველოში სურსათის ბანკების ასოციაციის შექმნაზე, სადაც ის საქველმოქმედო ორგანიზაციები გაერთიანდებიან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ ავტორიზაცია და ოფიციალურად, საქმიანობა მათაც სურსათის ბანკის სტატუსით დაიწყონ. სურსათის ბანკების საჭიროება ქვეყანაში ნამდვილად არის, რადგან ერთი მხრივ, გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ დიდია, მეორე მხრივ კი - დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, სურსათის დანაკარგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოშიც“, - განმარტა ნანა ოლქიშვილმა - სურსათის ბანკ "ენკენიას" დამფუძნებელმა და დირექტორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი ნაგავსაყრელზე მიდის და ნარჩენად გადაიქცევა მაშინ, როდესაც ამ სურსათის დიდი ნაწილი საკვებად ვარგისია.

„სურსათის ბანკის მიზანიც სწორედ ეს არის, შეამციროს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლებას და  სურსათის დანაკარგების შემცირებას“, - აღნიშნა ნანა ოლქიშვილმა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ბანკის დაარსებას საქართველოში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, ორგანიზაციას მაინც აქვს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მის საქმიანობას აფერხებს.

სურსათის პირველი ბანკის დამფუძნებლის ინფორმაციით, გამოწვევების დიდი ნაწილი ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. „ენკენიაში“ ამბობენ, რომ ერთი მხრივ, საზოგადოებას აქვს კითხვები სურსათის ვარგისიანობასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობაა თავად ბიზნესსექტორში.

ნანა ოლქიშვილის თქმით, ბიზნესის გარკვეულმა ნაწილმა, ჯერ კიდევ არ იცის, რომ სურსათის ბანკში დონაციის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს მიიღებს. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა და ის ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევიდა. მთლიანად ამ პროცესის და საქართველოში სურსათის ბანკის დაარსების ინიციატორი კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იგივე FAO-ა, რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო.

ცნობისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენიამ“ ავტორიზაცია რამდენიმე თვის წინ გაიარა და ის დღეს საქართველოში, ასევე მთლიანად ჩვენს რეგიონში სურსათის პირველი ბანკია. „ენკენიას“ საქმიანობა გუნდის წევრების ძალისხმევით, რესურსებითა და მოხალისეების მონაწილეობით ხორციელდება. ორგანიზაციის ბენეფიციარების შერჩევისას უპირატესობას რამდენიმე ჯგუფს ენიჭება, ესენია - მარტოხელა დედები, შშმ პირები და მარტოხელა მოხუცები.

გამოგვყევით