logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საქართველოში შემოსვლას გეგმავს, შესაძლოა, წლის ბოლოს დავასახელოთ - "აწარმოე საქართველოში" ახალ ინვესტიციებს აანონსებს

"ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საქართველოში შემოსვლას გეგმავს, შესაძლოა, წლის ბოლოს დავასახელოთ - "აწარმოე საქართველოში" ახალ ინვესტიციებს აანონსებს

1761288325

 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე  თორნიკე ზირაქიშვილი  ამბობს, რომ უმსხვილესი კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტი, რომელიც თბილისსა და გონიოში განხორციელდება, საქართველოს დაეხმარება, რომ მოიზიდოს მსგავსი ტიპის მასშტაბური ინვესტიციები.

„ეს არის რეკორდული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია ცალკე ფაქტორად გამოვყოთ, რაც ხელს შეგვიწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვაში. მეორე  ფაქტორი არის ის სახე, რომელიც ამ შეთანხმებას მიეცა - კერძოდ, სახელმწიფო გახდა ამ პროექტის პარტნიორი. ცხადია, ეს არის ცალკე გამოცდილების საგანი და ცალკე უნიკალურობას სძენს ამ პროექტს. მესამე ფაქტორი - ეს არის ნდობის შემქმნელი ფაქტორი. ჩვენ, როგორც საინვესტიციო სააგენტოს, უკვე გვყავს მსოფლიო დონის ბრენდი, რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანია ჩვენ გვენდო და შესაბამისად, მოვუწოდოთ სხვა ინვესტორებს, რომ მათაც შეუძლიათ, გვენდონ. ინვესტიციების მოზიდვების კუთხით, უმთავრესია ნდობის შექმნა კომპანიებთან. ასეთი პროექტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მარტივად ვესაუბროთ სხვა კომპანიებს. სხვათა შორის, როგორც კი ეს პროექტი გამოცხადდა, მაშინვე უკვე ჩვენთან კომუნიკაცია დაიწყეს სხვა კომპანიებმა და აღნიშნეს, რომ მათი მხრიდანაც გაჩნდა ინტერესი“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში თორნიკე ზირაქიშვილმა.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი არსებობს ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან, რამდენიმე კომპანიის მხრიდან.

„მათ შორის, ერთ-ერთი კომპანია, შესაძლოა, წლის ბოლოს დავასახელოთ, რომელიც საქართველოში შემოსვლას გეგმავს“, - თქვა თორნიკე ზირაქიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც “იგლ ჰილსი” თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. ხელმოწერა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია საკუთარი მოცულობით რეკორდულია საქართველოს ისტორიაში.

გამოგვყევით