საქართველოში, საინკუბაციო კვერცხის საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია "კუმისის" დამფუძნებლის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონში, უდაბნოს ტერიტორიაზე თურქ კოლეგებთან ერთად ფაბრიკა, ფერმა აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾30 მლნ-ი იქნება.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ამჟამად, საქართველოში კვერცხი თურქეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, ჰოლანდიიდან ჩამოდის, ხოლო პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში საინკუბაციო კვერცხის დეფიციტი აღარ ექნება.
ამასთან, როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, საგარეჯოს რაიონში პარტნიორებთან ერთად მიწა უკვე იყიდეს, ამ ეტაპზე კი, დამატებითი დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
"ხვალ თურქეთიდან ჩვენი პარტნიორები ჩამოდიან, საგარეჯოს რაიონში ერთობლივი საწარმო გვაქვს, რომელიც ამჟამად, საქართველოში ყველაზე დიდი ინკუბატორია. მოსამარაგებლად კვერცხი ჩამოგვაქვს: თურქეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, ჰოლანდიიდან. ახლა იგეგმება, რომ საგარეჯოში ფაბრიკა, ფერმა გაკეთდეს, რომელიც კვერცხს ადგილობრივ სახეს მისცემს და ქართული იქნება - პროდუქტის სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება. საინვესტიციო ღირებულება ₾30 მლნ-ია. აღნიშნულ პროექტს საქართველოს ბანკთან ერთად უკვე 2 წელია ვამუშავებთ, ყველაფერი გავლილია, ციფრი რეალური გახლავთ და ჰაერიდან მოტანილი არ არის", - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
კომპანია "კუმისის" დამფუძნებლის პროგნოზით, თუ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და პროექტი განხორციელდა, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
"ამ ეტაპზე პროდუქტს ვყიდით: აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში - საქართველოში 1-დღიანი წიწილის გამოსაჩეკი კვერცხი უცხოეთიდან შემოგვაქვს. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ბაზარს საინკუბაციო კვერცხის დეფიციტი აღარ ექნება, სადღაც 35%-ით წინ წავალთ და უცხოეთიდან შემოტანა აღარ დაგვჭირდება. რამდენიმე ქვეყანას კი ექსპორტის მიმართულებით დავამატებთ. ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს გეტყვით, დამატებითი დეტალები შემდეგი კვირიდან მეცოდინება", - აღნიშნავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია "კუმისი" ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობა ქათმის კვერცხის წარმოებაა. კომპანია 2016 წლიდან ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც მენეჯმენტის გამართულ მუშაობას და წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცულობას ადასტურებს.