logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დრო არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა ველოდოთ, რომ უძრავი ქონების ფასი შემცირდება" - ლევან ლაბარტყავა

თუ გვაქვს შესაძლებლობა დრო არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა ველოდოთ, რომ უძრავი ქონების ფასი შემცირდება, რადგან მიწის ფასი ყოველთვის იზრდება და უძრავი ქონების ფასიც ამ ტენდენციას მიჰყვება, - ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტმა ლევან ლაბარტყავამ გადაცემა “დილის ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისი თქმით, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ბაზარზე ფასების კლება აღინიშნებოდა, თუმცა ეს მცირე პერიოდი გრძელდება, შემდეგ ისევ თავის ნიშნულს უბრუნდება და მაღლა იწევს.

"უძრავი ქონების ბაზარზე სახეზე გვაქვს შედარებით ჭარბი მიწოდება. მიგრაციის ეფექტის დროს, რაც 2022-2024 წლებში გაიზარდა მიწოდება, გაიცა ბევრი სამშენებლო ნებართვა და შესაბამისად, დღეს ამ ჭარბი მიწოდების ფონზე, მოთხოვნა არც ისე მაღალია, რადგან მიგრაციის ეფექტი ამოიწურა. აქედან გამომდინარე, ბაზარზე მოთხოვნის გარკვეულწილად კლება შეინიშნება, თუმცა მაინც მდგრადია ბაზარი და შორს ვართ სტაგნაციამდე.

რაც შეეხება ფასებს - ჯერჯერობით იმის თქმა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები შემცირდა, არ შეგვიძლია. უძრავ ქონებაზე ფასები არ იკლებს, მცირედით მაინც იზრდება, რადგან იზრდება ყველა ის კომპონენტი რითაც ეს ბაზარი შედგება. მათ შორის, მიწის ღირებულება, შრომის ფასი და ასევე, მასალების ღირებულება. უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლება ვერ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა შემცირებულია.

თბილისის ცენტრალურ უბნებში ბევრ მშენებლობას ვერ შევხვდებით, რადგან სამშენებლოდ გამოსადეგი მიწა შემცირდა და შეიძლება ითქვას, რომ აღარც არის. შესაბამისად, მშენებლობები არის საბურთალოს, დიდი დიღმის ტერიტორიაზე , ასევე გააქტიურებულია ისანი-სამგორის ტერიტორია, შესაბამისად ტრანზაქციების რაოდენობაც ამ უბნებზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაზარზე ტრანზაქციები მცირედით შემცირდა, ბათუმში აღნიშნული მაჩვენებელი მზარდია. რაც შეეხება საინვესტიციო მიმზიდველობას - უძრავი ქონების ბაზარმა საინვესტიციო მიმზიდველობა მცირედით დაკარგა, მას შემდეგ, რაც მიგრაციის ეფექტი შეწყდა და ქირის ფასი შემცირდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გაეყიდათ ბინები, რადგან შემცირებული ქირის ფასები ვეღარ უზრუნველყოფდა მათ იპოთეკური სესხების მომსახურებას.  თუმცა მიმდინარე პერიოდში შემცირება აღარ ხდება და ბოლო თვეებში ქირის ფასი ზრდას იწყებს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონება ისევ დაიბრუნებს საინვესტიციო მიმზიდველობას ბინების კუთხით. რაც შეეხება კომერციულ ფართებს - მათ მხრივ მიმზიდველობა ყოველთვის იყო არის და იქნება, რადგან უნიკალური შესაძლებლობაა საინვესტიციოდ. ამ ნაწილში მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას", - აცხადებს ლევან ლაბარტყავა.

მანვე აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია უძრავი ქონების აქტივობაში.

გამოგვყევით