logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino-ს პროდუქცია etsy.com-ზე გაიყიდება

ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino-ს პროდუქცია etsy.com-ზე გაიყიდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე Lampino აქტიურად მუშაობს.

მისივე ინფორმაციით, etsy.com-ის შემდეგ კომპანია Amazon-ისა და Ebay-ის პლატფორმების ათვისებას გეგმავს. 

"ექსპორტზე გასვლას ვერ ვახერხებთ, რადგან ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა. შესაბამისად, უცხოურ ბაზრებზე ვებგვერდების საშუალებით გავალთ. ყოველდღიურად ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით და თავდაპირველად etsy.com-ზე ვიქნებით წარმოდგენილები. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - ჩვენ 2024 წელს, თბილისში 1 ბრენდული მაღაზია გავხსენით. ახალ წლამდე ყველაფერი კარგად იყო, მოთხოვნაც იზრდებოდა, კორპორატიული შეკვეთებიც გვქონდა, თუმცა ახალი წლის შემდეგ გაყიდვები შემცირდა. ახლა ველოდებოდით ტურისტული სეგმენტის გააქტიურებას, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტურიზმის მიმართულებაც იკლებს და შესაბამისად გაყიდვები შეგვიმცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 50%-ით შემცირდა. 

მიმდინარე წელს უცხოური ონლაინ პლატფორმების კუთხით მუშაობის გააქტიურების გარდა, ადგილობრივ ბაზარზე გვინდა განვითარება. კერძოდ, გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია  სუვენირების სხვადასხვა მარკეტში და მუზეუმების მაღაზიებში შევიტანოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტებს მაღალი საკომისიო აქვთ, სხვა გზა არ გვაქვს", - აცხადებს ქეთი ნოზაძე.

ცნობისთვის, ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისში 1 ფილიალით არის წარმოდგენილი.

 

გამოგვყევით