logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

“ამ ეტაპისთვის, ჯობს, თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის ბირჟაზე დაშვებისგან” - მაია მელიქიძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვება ადგილობრივ წარმოებას ჩაკეტავს - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს.

მისი თქმით, იმპორტირებული ენერგიის ფასი ადგილობრივზე დაბალია, რაც ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს შეუქმნის.

“დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა გენერირებული ელექტროენერგიის ჭრილში - ვიცით, რომ წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთთან არ არის დაბალანსებული, ვინაიდან, მოხმარების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გენერაციის. განსაკუთრებით ეს ვითარება მწვავდება-ხოლმე ზამთრის პერიოდში. ამ ეტაპისთვის, ბირჟაზე რეგისტრირებულ გენერაციის კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ელექტროენერგია, რომ გაყიდონ ბირჟაზე. ეს სერიოზული გამოწვევაა და შეგვიძლია ვიმსჯელოთ - შემოვიყვანოთ თუ არა ამ პროცესში იმპორტირებული ელექტროენერგია.

ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ფორმირდება ფასი. თუ ვიტყვით, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია უნდა დავუშვათ ბირჟაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქნება მაღალკონკურენტული და ჩაკეტავს ადგილობრივ წარმოებას. ვინაიდან, დღესდღეობით, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი 3-4 დოლარ/ცენტის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი 6 ცენტის ფარგლებშია. ჩვენ თუ გვინდა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ გენერაციას, მაშინ იმპორტის კომპონენტი აუცილებლად უნდა ჩავკეტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ მეტი ფოკუსი იქნება იმპორტირებულ პროდუქტზე. ავტომატურად, ჩვენ გავხდებით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. იმ მთავარ გამოწვევასთან - რაც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უკავშირდება, კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება,"-აცხადებს მაია მელიქიძე. 

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმოება და არ გახდეს ბირჟაზე იმპორტირებული ენერგიის შემოტანა საჭირო, უნდა გაგრძელდეს დაწყებული ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეფერხებულია.

„ადგილობრივ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული, იმპორტირებული ელექტროენერგია აითვისებს იმ მოთხოვნას, რადგან, ფასით კონკურენტუნარიანი იქნება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რაც უფრო დაბალია ფასი მით უფრო სახარბიელოა, ამიტომ, ამ ეტაპისთვის ჯობს თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვებისგან და მეტად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი გენერაციის ობიექტების განვითარებას“ - განმარტავს „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“.

დღესდღეობით, ბაზრის საბითუმო მიმწოდებლებსა და ტრეიდერებს ბირჟაზე დაშვება შეზღუდული აქვთ, თუმცა, სამომავლოდ, ბირჟაზე დაშვება ყველა მონაწილისთვის არის გათვალისწინებული.

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და 2025 წლის 1 ივლისამდე ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. პლატფორმაზე ვაჭრობა შეუძლიათ როგორც გენერაციის ობიექტებს, ისე მსხვილ მომხმარებლებს. ამ დროისთვის ბირჟაზე 17 მონაწილეა რეგისტრირებული, ვაჭრობა კი, აგვისტოში, მხოლოდ ორ დღეს შედგა.

გამოგვყევით