თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოს მიერ წარდგენილმა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტმა საერთაშორისო ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული და ციფრული კავშირის შექმნას, რაც საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმ პროექტებს შორის, რომელიც სახელმწიფომ დღეს, “აბრეშუმის გზის ფორუმზე” წარადგინა. “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი” გახდება დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი იქნება ჩვენთვის. შესაძლოა არანაკლებ სარგებლის მომტანი, ვიდრე ენერგეტიკული კაბელი, თუმცა ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. ჩვენ ფორუმზე ორივე კომპონენტი. ასევე, მომავალში, შესაძლოა, მესამე კომპონენტი - მწვანე წყალბადი დაემატოს და საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ისე წყლის რესურსების კუთხით, თუმცა ეს უფრო მეტად მომდევნო პერსპექტივაა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს. ჩვენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ 2024 წელს და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის” პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის, ამიტომ დიდი ინტერესი დავინახეთ ამ პროექტის მიმართ. “აბრეშუმის გზის ფორუმზე” ჩამოსულები არიან კონკრეტული ინვესტორები, რომლებიც ამ პროექტის განვითარებით დაინტერესებულები არიან. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად, პროექტი საქართველოს ელექტროსისტემისა და მთავრობის მხრიდან, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”, - განაცხადა ზვიად გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.