მაისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებაზე სანქციები გამკაცრდა. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით დამენიამ, გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, მიმდინარე წლის 9 თვეში 516 სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათგან 455 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას ეხებოდა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი კლების ტენდენცია შეინიშნება.
"გვაქვს მოლოდინი, რომ თანამოქალაქეები არ დაარღვევენ სამართლებრივ ჩარჩოს. მე შემიძლია მოგაწოდოთ 9 თვის სტატისტიკა. 516 ფაქტი იქნა გამოვლენილი, აქედან 455 ფაქტი ხე-ტყის უკანონოდ ჭრასა და ტრანსპორტირებას ეხებოდა. ცვლილებების შემდეგ შეინიშნება რა თქმა უნდა, კლების ტენდენცია. სანქციის შემოღება არ არის ერთჯერადი აქტი და ეს მოსახლეობაზე აისახება და სწორედ ამიტომ ამას თან უნდა ახლდეს საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობას ის რისკები გავაცნოთ, რაც შეიძლება მათ დაუდგეთ", - აცხადებს დავით დამენია.
მისივე თქმით, მიუხედავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი შემადგენელი უწყებების არაერთი მცდელობისა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ქვეყანაში ჯერ კიდევ არის, რისი მიზეზიც ის მემკვიდრეობაა, რომელიც აღნიშნულ დარგს 90-იანი წლებიდან მოჰყვება.
"90-იან წლებში ტყე გადარჩენის რესურსი იყო - მოსახლეობა, რომ გაყინულიყო და სათბობი შეშა ჰქონოდათ. ეს პრაქტიკა ინერციით მიდიოდა, თუმცა ახლა გვაქვს ისეთი პერიოდი, როცა ასეთი საჭიროება აღარ დგას, რადგან ენერგოდეფიციტი აღარ გვაქვს ქვეყანაში. შესაბამისად, გვაქვს პერიოდი როცა შეგვიძლია, რომ ტყეზე ვიზრუნოთ და მოვლა-აღდგენითი ღონისძიებები განვახორციელოთ. უკანონო ჭრის ფაქტების სტატისტიკამ დაგვანახა საჭიროება, რომ მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაციაა საჭირო", - აცხადებს დავით დამენია.