logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"წელს ქართული თხილის მოსავალი თითქმის 10%-ით შემცირდა, თუმცა საექსპორტო ფასი გაზრდილია" - მერაბ ჭითანავა

თხილის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება შეინიშნება. ანალიტიკოსების განმარტებით, თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში, თხილის საექსპორტო ღირებულება მეტ-ნაკლებად სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, წელს ეს ტენდენცია შეცვლილია და გაზრდილია როგორც სხვა ქვეყნებში წარმოებული, ისე ქართული თხილის საექსპორტო ფასი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ  მერაბ ჭითანავამ განუცხადა, თხილზე გლობალური ფასის მატება თურქეთს უკავშირდება, რომელიც თხილის წარმოების კუთხით მსოფლიო ლიდერია და სწორედ თურქეთი განსაზღვრავს უმეტესად თხილის საერთაშორისო ფასებს.

არსებული ინფორმაციით, წელს, ბაქტერიული დაავადების გამო, თურქეთში თხილის ბაღების 40% განადგურდა, შედეგად კი, თხილზე წარმოქმნილმა დეფიციტმა, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასის ზრდა გამოიწვია.

„ამჟამად, 1 კილოგრამი მაღალი ხარისხის თურქული თხილის საექსპორტო ფასი 15 ევრომდეა, ქართული თხილის კი - 14 ევრომდე. ეს, ფაქტობრივად, გაორმაგებული ფასია, რადგან გასულ წელს, იგივე კატეგორიის თხილის ღირებულება კილოგრამზე 7-8 ევრო იყო. აქ საუბარია თხილის გულზე, რომელიც ექსპორტზე გადის. გაზრდილია გაუტეხავი თხილის ღირებულებაც და ის 13 ლარს უტოლდება“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

მან თხილის მოსავლის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში პოზიტიური პროგნოზები კეთდებოდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა და რიგი გამოწვევების გამო, ქართული თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით, თითქმის, 10%-ით შემცირდა და 40 ათას ტონას გაუტოლდა.

მთავარი ფაქტორი, რამაც ქართული თხილის მოსავლის შემცირება განაპირობა - ცუდი კლიმატური პირობები, კერძოდ მოსავლის აღების პროცესში მოსული წვიმები, ასევე ფაროსანა და თხილის ხმობით გამოწვეული პრობლემები იყო. თხილის ხმობის პროცესი დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია შეიმჩნევა, თუმცა წელს გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა და დაზიანებული 7 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი. ხმება განსაკუთრებით ევროპული ჯიშის თხილის ბაღები. უნდა ითქვას, რომ ეს ბაქტერიული დაავადება უმეტესად გურიასა და სამეგრელოშია გავრცელებული. ამ გამოწვევასთან ბრძოლისთვის კი ბაღების ოთხჯერ შეწამვლაა საჭირო, რაც ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება“, - განმარტა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ქართული თხილის საექსპორტო მაჩვენებლებს, ბოლო მონაცემებით, ანუ 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნიდან ექსპორტირებულია სამი ათას ტონამდე თხილი, საერთო ღირებულებით 25 მილიონ დოლარამდე. ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა. ასევე, მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია, ესპანეთი და ჩეხეთი.

გამოგვყევით