logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ ნავთობის ფასი 60 დოლარს ჩამოსცდებოდა, თუმცა პროგნოზები გადაიხედა"

საერთაშორისო სანავთობო ბირჟაზე ფასების მერყეობა, უმეტესად კი აღმასვლის ტენდენცია ისევ ნარჩუნდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა  განუცხადა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ამერიკამ რუსული ნავთობგიგანტები, Rosneft-ი და Lukoil-ი, ასევე მათი შვილობილი კომპანიები დაასანქცირა, ნავთობი ერთდღიან პერიოდში თითქმის 5.5%-ით გაძვირდა.

დასანქცირების გადაწყვეტილების მიზეზი, აღნიშნული კომპანიების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რუსეთისთვის დახმარების გაწევაა.

ამ სანქციების გამოცხადების მომენტიდან ნავთობზე გაზრდილი ფასი, ფაქტობრივად, ამ დრომდე ნარჩუნდება და დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 65 დოლარად ივაჭრება. თუმცა, მანამდე, კერძოდ, დაახლოებით, 2 კვირის წინ, ნავთობის ღირებულება შემცირებული იყო და მეტიც, მსხვილი საინვესტიციო ბანკები ელოდებოდნენ, რომ წლის ბოლომდე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 60 დოლარსაც კი ჩამოსცდებოდა.

სერგი ყურაშვილის ინფორმაციით, ამერიკის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, ეს პროგნოზი გადაიხედა და ანალიტიკოსების ნაწილის მოლოდინით, 2025 წლის ბოლოსთვის და 2026 წლის დასაწყისში, ნავთობის ღირებულება 60-დან 70 დოლარის დიაპაზონში იქნება. თუმცა, დარგის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის ფასი წინა პროგნოზით გათვალისწინებულ მაჩვენებლებზეც ჩამოვიდეს, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, მსოფლიოში ნავთობის მიწოდება გაზრდილია, რადგან OPEC პლუსის ქვეყნებმა წარმოება გაზარდეს.

რაც შეეხება გასული კვარატლის მონაცემებს, 2025 წლის მესამე კვარტალში, ნავთობის ღირებულება 0.9%-ით იყო შემცირებული, რაც სწორედ მიწოდების ზრდასა და მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდებოდა.

ადგილობრივ ბაზარზე კი, ჯერჯერობით, საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ამჟამად არსებული ფასების მერყეობა არ ასახულა. მეტიც, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ბენზინის მომწოდებელ ევროპულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა მაგალითად - რუმინეთი, კვიპროსი, ბულგარეთი,  საბერძნეთი, ასევე მალტა, ბოლო 1 თვიან პერიოდში, პრემიუმის ტიპის საწვავი გაიაფდა და ეს ქართულ ბაზარზეც აისახა. კერძოდ, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, პრემიუმი 5 თეთრით არის გაიაფებული, თუმცა სხვა ტიპის საწვავზე ფასები არ შეცვლილა. 

საბოლოო ჯამში, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ დროისთვის, ფასების კუთხით, ქართულ ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ რუსული ნავთობგიგანტების - Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირებამ, ფასების რყევები ნავთობპროდუქტების მომწოდებელ ჩვენს ქვეყნებშიც გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

ცნობისთვის, საქართველოში ნავთობპროდუქტებს იმპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს, რასაც ავტოპარკის ზრდა განაპირობებს. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად იმპორტირებულია ერთ მილიონზე მეტი ტონა ბენზინი და დიზელი, რაც წლიურ ჭრილში, თითქმის 10%-იან ზრდას წარმოადგენს.

გამოგვყევით