"შატო კვირიკე" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, საახალწლო ღონისძიებებს არ გამართავს. როგორც ტურისტული ობიექტის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, წინასაახალწლო კორპორატიული შეკვეთებიც გაუქმდა.
მისივე ინფორმაციით, ასევე, შემცირებულია სასტუმროს დატვირთულობა.
გარდა ამისა, ლელა წულუკიძემ 2024 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, სასტუმროს გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.
"2024 წელი პროდუქტიული იყო. ძირითადად ქართულ სეგმენტზე ვმუშაობდით და ზაფხულის 2 თვე 100%-იანი დატვირთულობა გვქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მეორე ობიექტი "შალე კვირიკეც" გვაქვს, რომელიც სატესტო რეჟიმშია გახსნილი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ კარგი აქტივობა იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სექტორისთვის ზამთარი ისედაც დაბალი სეზონია, ჩვენ მომხმარებლებისთვის ახალი წლის ფასების შეთავაზებას ვიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ დასტაბილურდება პროცესები. 2023 წელთან შედარებით სასტუმროს გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, ხოლო ოთახების დატვირთვა 45%-ით. ჩვენი დამსვენებლების, დაახლოებით, 80% ქართველები არიან, ხოლო დანარჩენი დსთ-ს ქვეყნებიდან, ევროპიდან და არაბული ქვეყნებიდან", - აცხადებს ლელა წულუკიძე.
ცნობისთვის, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.
გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.