logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კულას" პროდუქცია, სავარაუდოდ, კორეის ბაზარზეც გაიყიდება

საკონსერვო წარმოება "კულას" პროდუქცია წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კორეის ბაზარზეც გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომპანიის საექსპორტო ბაზრებს ალბანეთიც დაემატა.

"ამჟამად, დაახლოებით, 27 ქვეყანაში გაგვაქვს პროდუქცია და ექსპორტზე ჩვენი წარმოების 65% იყიდება.  მუდმივად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე და ამ ეტაპზეც, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, რაზედაც მომავალში შევძლებ საუბარს", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "კულას" გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა. 

"მზარდია მოთხოვნა. ივნისში ბაზარზე ჩვენი კომპოტებიც გამოჩნდა, რომელიც ქსელურ მარკეტებში და ექსპორტზე იყიდება. ამჟამად 4 სახეობის კომპოტი გვაქვს, რომლებიც 1-ლიტრიან ქილებშია. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა მიმართულებამაც გაამართლა", - აღნიშნა ვანო გოგლიძემ.

გარდა ამისა, ვანო გოგლიძემ დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, ბიო წვენების წარმოებასა და კალმახის კონსერვის წარმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე განხორციელდება. 

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 27 ქვეყანაში გააქვს.

გამოგვყევით