ქაღალდის ნარჩენების გადამუშავებით მიღებული პროდუქცია, რომელმაც იმპორტირებული ნედლეული უნდა ჩაანაცვლოს - ასეთია წეროვანში მდებარე საწარმოს მთავარი გეგმა, რომელიც აქამდე მხოლოდ ქაღალდს აწარმოებდა, თუმცა ივნისიდან ბაზარს შესაფუთ მასალებსა და სხვადასხვა სახის მუყაოს პროდუქციას სთავაზობს.
შპს Neoprint-ის დამფუძნებელი არჩილ თვარაძე "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ქაღალდზე დიდი მოთხოვნაა და რეალიზაციაც სრულად ხდება, თუმცა დაბალი ფასის გამო გადაწყვიტეს მომხმარებელს სიახლე შესთავაზონ.
"საწარმოში თვეში 300 დან 400 ტონამდე მაკულატურას ვამუშავებთ. პროცესი ხშირ შემთხვევაში მოიცავს, გამოყენებული/ძველი ქაღალდების შერევას წყალთან, დამშლელ ნივთიერებებთან, რომ ნედლეულმა ფაფისმაგვარი კონსისტენცია მიიღოს, შემდეგ თავსდება საშრობ დანადგარებში, შედეგად კი ყველანაირი ნივთიერებებისგან გათავისუფლებული, სუფთა და უსაფრთხო ქაღალდი გამოდის. მუდმივად ვმუშაობთ სიახლეებზე. ამ ეტაპზე აქტიურად დავიწყეთ ტორტის ე.წ ძირების და ყუთების წადრმოება, რომელსაც აქვს სერტიფიკატიც, რაც ადასტურებს მის მაღალ ხარისხს. ვფიქრობთ, შარშანდელთან შედარებით გაყიდვები გაიზრდება, რადგან ადრე ვყიდდით მხოლოდ ქაღალს", - ამბობს არჩილ თვარაძე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვთ მეოზობელ ქვეყნებთანაც, ძირითადად აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიებთან, რომლებიც საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Neoprint-ი აგვისტოს ომის შემდეგ, წეროვანში, დევნილთა დასაქმების მიზნით შეიქმნა და მას შემდეგ ქაღალდის ნარჩენის გადამუშავების შედეგად, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს, ქაღალდს და უამრავი სახის მუყაოს პროდუქციას აწარმოებს.