logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი ფრენას 2026 წლიდან დაიწყებს

ჰაერის დაბინძურება და გამონაბოლქვი აქტუალური გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რომელსაც მსოფლიოში სხვადასხვა გზით ებრძვიან, რაც ხშირად ინოვაციური მიდგომების დანერგვით გამოიხატება. ასეთია ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიაზე მუშაობს. 

Solar Airship One 151 მეტრი სიგრძისაა და დაფარულია მზის პანელების ფენით, შესაბამისად წიაღისეული საწვავის გარეშე მუშაობს და მის მიერ გამომუშავებული ნახშირბადის გამონაბოლქვი ნულოვანია. ამის შესახებ Reuters- ი წერს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხომალდის შექმნის მთავარი იდეა შეუჩერებლად, დღის და ღამის პერიოდში, მთელ მსოფლიოში ფრენაა, თავისივე გამომუშავებული ენერგიით.

Capgemini UK ინტელექტუალური ინდუსტრიის ხელმძღვანელი, მაიკ დუიერი ამბობს, რომ ხომალდი აღჭურვილია ორმაგი ფენით, რომელიც ასტაბილურებს გარე წნევას და არეგულირებს შიდა ტემპერატურას, რაც საშუალებას აძლევს მას სხვადასხვა ამინდის პირობებში იფრინოს.

"ჩვენი მისია მსოფლიოს გარშემო მზის ენერგიის საშუალებით ფრენაა. სამკაციანი ეკიპაჟით, თვითმფრინავი 40 000 კილომეტრს გაივლის, რაც მთავარია ნულოვანი გამონაბოლქვით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება განახლებადი ენერგიების გამოყენების არეალის კუთხით. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თეორიული ექსპერიმენტი და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ნამდვილად განვახორციელოთ პრაქტიკული დემონსტრაცია.”- აცხადებს მაიკ დუიერი. 

Solar Airship One-ის სიმძლავრე მზის ფირისგან მოდის, რომელიც თვითმფრინავის ზედა ნაწილს 4800 კვადრატულ მეტრს ფარავს. დღის საათებში გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ჭარბი ენერგია კი ინახება და ელექტროლიზის გზით წყალბადად გადაიქცევა. ამასთან, ხომალდი არ საჭიროებს ფართო სახმელეთო ინფრასტრუქტურას, გარდა ამისა, მას აქვს ორი ბალასტური სისტემა, ერთი წყალზე დაფუძნებული და მეორე შეკუმშული ჰაერზე დაფუძნებული.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ჩვენ, ყველამ უნდა მივიღოთ, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ახალი ტექნოლოგიები და მისი რეალურ სამყაროში გამოყენება. ჩვენ ვუყურებთ ახალ ეპოქას, სადაც ნულოვანი გამონაბოლქვის ზემოქმედება და გარემოზე ზიანის შემცირება უმნიშვნელივანესია.”- ამბობს დუიერი. 

ცნობისთვის, Solar Airship One-ის პირველი ფრენა 2026 წელს დაიწყება და მიზნად ისახავს 1 თვის განმავლობაში მინიმუმ 25 ქვეყანა და ორი ოკეანე დაფაროს.

გამოგვყევით