logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

SpaceX ავსტრალიის სანაპიროებთან Starship რაკეტების დაშვებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

SpaceX-მა შესაძლოა, თავისი რაკეტები მალე ავსტრალიის სანაპიროებთან დაუშვას. Reuters-ის წყაროს ცნობით, ილონ მასკის კომპანია მისი ერთ-ერთი გიგანტური Starship ხომალდის ავსტრალიის სანაპიროსთან დაშვებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამ ამბავს წინ უსწრებდა ივნისის ტესტირება, რომლის დროსაც ერთ-ერთმა რაკეტამ ინდოეთის ოკეანეში კონტროლირებადი ჩაშვება განახორციელა. ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც აშშ და ავსტრალია აძლიერებენ უსაფრთხოების კავშირებს ჩინეთის წინააღმდეგ.

ექსპერტების შეფასებით, ამ მიმართულებით წინსვლისთვის, ვაშინგტონმა საზღვარგარეთ რაკეტების დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებაზე მკაცრი კონტროლი უნდა შეამსუბუქოს.

გეგმის თანახმად, Starship ხომალდი ტეხასიდან გაეშვება, შემდეგ ავსტრალიის მახლობლად, ზღვაში ჩაეშვება, ნაპირზე გამოყვანის შემდეგ კი, მას ხელახალი გამოყენებისთვის მოამზადებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება, უფრო ამბიციური გეგმის პირველი ეტაპიც იყოს, რომელიც ითვალისწინებს რაკეტების აფრენას ან დაშვებას ავსტრალიის მიწაზე.

Starship ხომალდები რამდენჯერმე გამოყენების მიზნითაა შექმნილი. მათ თანამგზავრებისა და ასტრონავტების გაშვების გარდა, შესაძლებელია, სხვადასხვა ფუნქციებიც ჰქონდეთ.

მაგალითად, აშშ-ის საჰაერო ძალები იკვლევენ, შეიძლება თუ არა მათი გამოყენება მსოფლიოს შორეულ კუთხეში ტვირთის გადასატანად, სულ რაღაც 90 წუთში.

ამ საკითხს SpaceX-იც იკვლევდა პენტაგონის მიერ დაფინანსებული გრანტით. აშშ-ის ბიუჯეტის დოკუმენტებში ნავარაუდებია, რომ შესაბამის პროტოტიპზე მუშაობა მომავალ წელს დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა ივნისში, ინდოეთის ოკეანეში დაშვება განიხილა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ შესაძლებლობისკენ.

გამოგვყევით