რუბრიკა "ღვინის გზა"
რუბრიკაში "ღვინის გზა" გაგაცნობთ, ადამიანს, რომელმაც ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ვაზის იშვიათი ჯიშებისგან ქვევრის ღვინო ეწარმოებინა, მთავარი მიზანი კი სხვა ქვეყნების ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია იყო.
მარანი "კაპისტონის" დამფუძნებელი ნიკო ჩოჩიშვილი, „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ 2009 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეღვინეობით ერთი მთავარი მიზეზის გამო დაინტერესდა - ქართული ღვინო უკეთ გაეცნო უცხოელებისთვის და სწორად დაენახვებინა მათთვის თუ რატომ არის გამორჩეული ის.
"უცხოეთში იციან, რომ საქართველო ღვინის აკვანია და მეც სულ ვამბობდი ამას, მაგრამ ყოველთვის მქონდა რაღაც დანაკლისი. ვერასდროს ვაჩვენებდი უცხოელებს ყურძნის რა ჯიშები გვაქვს და რომ ამ ჯიშებისგან ისეთი მაღალი დონის ღვინის დაყენება არის შესაძლებელი, როგორიც მაგალითად იტალიელებს, ფრანგებს, ესპანელებს ან პორტუგალიელებს აქვთ. ამან მომცა მოტივაცია, რომ დავბრუნებოდი ქართულ ტრადიციას და 2018 წელს უკვე პირველი მოსავალი მივიღეთ და მიხარია, რომ დღეს უკვე მივედით იმ დონემდე, რომ გაგვიცნეს და კონკურენციასაც ვუწევთ ევროპულ ღვინოებს",-ამბობს ნიკო ჩოჩიშვილი.
მარანი წელიწადში 40 000 ბოთლამდე, 10 იშვიათი სახეობის ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 5 თეთრია და 5 წითელი. ამ ეტაპზე 19 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის აშშ-ში, ევროპასა და აზიაშიც.
"ქვევრის ღვინის წარმოება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ტრადიციულია და ძალიან ბევრი თვისებები აქვს, როგორიცაა სტაბილური ტემპერატურა, ღვინის ნატურალური ფილტრაცია და არომატულობა, რაც ხელს უწყობს ღვინოს თავისი პრემიალური თვისებები გამოამჟღავნოს.
შესაძლებელია, უმაღლესი ხარისხის ღვინო გააკეთო, მაგრამ ვერ გაყიდო. ტრადიციული მეღვინეობის ცოდნა საკმარისი არ არის, აუცილებელია განვითარება. ყველა პატარა მარანს ვუსურვებ, რომ თავისი ლაბორატორია ჰქონდეს და მეცნიერულად მიუდგეს ამ საქმეს. რეკომენდაციას ვუწევ პატარა მარნებს, რომ ჩართულები იყვნენ თავის საქმეში ყველა ეტაპზე, არა მხოლოდ წარმოების, არამედ მარკეტინგული მიმართულებით დეგუსტაციებში, გამოფენებში და ა.შ. თვითონ უნდა გააცნონ თავის სპეციფიკური ტექნოლოგია უცხოელებს.
ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს და ჩვენ ჯერ 1 %-იც კი არ გვაქვს გაკეთებული საერთაშორისო ბაზარზე, ძალიან დიდი ადგილი გვაქვს მსოფლიო ბაზარზე, რომ შევიდეთ და ვაჩვენოთ ყველას ქართული ღვინო",-ამბობს მარანი "კაპისტონის" დამფუძნებელი ნიკო ჩოჩიშვილი.